ერთნაირსქესიანთა ქორწინება

ცესკომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე სარეფერენდუმო შეკითხვა დაარეგისტრირა

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინდელ სხდომაზე დაარეგისტრირა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი - „გინდათ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში?". სარეფერენდუმო საკითხი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა (შემადგენლობა - ზურაბ თოლორაია, გიორგი ყორღანაშვილი, კახა ნიქაბაძე, ბადრი კვირიკაშვილი, პეტრე გოგოსაშვილი, თეიმურაზ ცისკარიშვილი, დავით კუჭავა).

ცესკოს ცნობით, სარეფერენდუმო განცხადება მიმდინარე წლის 26 თებერვალს შევიდა.

"განცხადებით მოთხოვნილია, რომ ცესკომ რეგისტრაციაში გაატაროს საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი: გინდათ თუ არა, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდეს საქართველოში? საინიციატივო ჯგუფის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო კითხვის ფორმულირების დაზუსტების მიზნით, ამა წლის 7 მარტს გაიმართა ცესკოს სხდომა. სხდომაზე შეიცვალა სარეფერენდუმო კითხის ფორმულირება და ჩამოყალიბდა ამგვარად: გინდათ თუ არა, რომ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში? საქართველოს საარჩევნო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ რეფერენდუმის გამართვის ინიციატივა ამომრჩევლებს ეკუთვნის, იქმნება საინიციატივო ჯგუფი. სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი საინიციატივო ჯგუფმა უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიოდ და კონკრეტულად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ცესკო სარეფერენდუმოდ შემოთავაზებულ საკითხს და საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობას ატარებს რეგისტრაციაში. საინიციატივო ჯგუფის მიერ სარეფერენდუმოდ შემოთავაზებული საკითხი ჩამოყალიბებულია მკაფიოდ და კონკრეტულად, ამდენად, იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსი 175-ე მუხლის პირველი პუნქტითა და საქართველოს ორგანული კანონის „რეფერენდუმის შესახებ” მე-10 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს", - ნათქვამია ცესკოს 28 მარტის განკარგულებაში.

პროცედურის თანახმად, რეგისტრაციის შემდეგ, საინიციატივო ჯგუფმა 3 თვის ვადაში უნდა შეაგროვოს 200 ათასი ხელმოწერა. ამის შემდეგ, ცესკო ხელმოწერების ნამდვილობას შეამოწმებს და არაუგვიანეს 1 თვის ვადისა, პრეზიდენტს წარუდგენს გადაწყვეტილების მისაღებად.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ საკითხებზე, მისი ჩატარების მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

კომენტარები