რესპუბლიკელები არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებენ

რესპუბლიკური პარტია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის 27 მარტის გადაწყვეტილების გასაჯაროება პრემიერმინისტრის თხოვნით შეყოვნდა, რათა კოალიცია ახალი პოლიტიკური რეალობისთვის მომზადებულიყო.

"რესპუბლიკური პარტია დღეიდან გადადის საპარლამენტო არჩევნებისთვის ინდივიდუალური მზადების რეჟიმში. ამით ჩვენ ვწყვეტთ დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვას კოალიციურ ფორმატში საარჩევნო სტრუქტურების შექმნაზე და მივმართავთ მას პარტიის საარჩევნო პრიორიტეტებისკენ. ჩვენი გადაწყვეტილება პარტია „ქართულ ოცნებასაც“ აძლევს საშუალებას, ზედმეტი უხერხულობების გარეშე, დაადგეს იმ პოლიტიკურ გზას, რომელიც დასახული აქვს - არჩევნებზე დამოუკიდებლად, კოალიციური საარჩევნო ბლოკის გარეშე გასვლა. ამით ყველა ერთად დავასრულებთ უკიდურესად დამაზარალებელ და მოსაბეზრებელ საჯარო სპეკულაციებს შიდაკოალიციურ საკითხებზე.

ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და ადგილებზე საკრებულოების უმრავლესობიდან, ამ საკითხებს გადავწყვეტთ ეტაპობრივად. ეს დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერმინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში, ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების ან ანტი-NATO-ელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია ქართული ოცნების დაანონსებულ განახლებაზეც. მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებები.

ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებოთ. რესპუბლიკელი მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამის შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით - ფრაქცია რესპუბლიკელები იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა, წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში", - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

კომენტარები