სახალხო დამცველის ანგარიში 2015

ომბუდსმენი: 2015 წელს, გაიზარდა პოლიციის მიერ არასათანადოდ მოპყრობის ფაქტები

0 კომენტარი
უჩა ნანუაშვილი

"2014 წელთან შედარებით გაიზარდა პოლიციის თანამშრომლების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების შესახებ მთავარ პროკურატურაში გაგზავნილი სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობა", - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში, რომელიც ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობას ეხება. ომბუდსმენის განცხადებით, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს ასევე ადასტურებს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში ჩატარებული კვლევაც.

"სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2015 წელს მწვავედ იდგა პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის საკითხი და შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უმეტეს შემთხვევებში, განმცხადებელთა ახსნა-განმარტებებში იკვეთება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისთვის პოლიციის თანამშრომელთა წინასწარი, მიზანმიმართული მზადება და მისი განხორციელება, აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, რაც წამების დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზოგიერთი განმცხადებლის სხეულზე არსებული დაზიანებების ლოკალიზაცია და ხასიათი, ასევე ის ფაქტი, რომ მიღებული დაზიანებების გამო აუცილებელი გახდა რამდენიმე მათგანის სამოქალაქო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ, რიგ შემთხვევებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე დაკავებულ პირებს ღამის გატარება პოლიციის სამმართველოში მოუწიათ. იზოლატორში შესახლებამდე დაკავებული პირების პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა, შესწავლილ შემთხვევებში, 5 საათიდან 23 საათამდე მერყეობს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში, დაკავების ოქმში მითითებული დაკავების ფაქტობრივი დრო არ ემთხვევა განმცხადებლის მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის დასახელებულ დროს.

შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ სახალხო დამცველის მიერ 2015 წელს საქართველოს მთავარი პროკურორისთვის გაგზავნილი 11 წინადადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის საფუძველზე და ეს მაშინ, როცა სახალხო დამცველის წინადადებებში მითითებული გარემოებები შეიცავს წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ნიშნებს", - ნათქვამია ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დედა-შვილი მოქალაქეებს დევნილის სტატუსს ჰპირდებოდა და ფულს ართმევდა

კომენტარები