Panama Papers

Panama Papers-ის მასალებში ჯანი ინფანტინოს სახელიც ფიგურირებს

EPA

შვეიცარიის პოლიციამ UEFA-ს ოფისებში ჩხრეკა ჩაატარა. საქმე ეხება Panama Papers-ის მასალების ერთ-ერთ დოკუმენტს, კერძოდ, 2006 წელს სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებით გაფორმებულ კონტრაქტს, რომელსაც FIFA-ს პრეზიდენტმა და მაშინდელმა UEFA-ს გენერალურმა მდივანმა, ჯანი ინფანტინომ ხელი მოაწერა ორ ბიზნესმენთან ერთად, რომლებიც გასულ წელს საფეხბურთო კორუფციის სკანდალში გაეხვნენ.

ინფანტინო ნებისმიერი ტიპის დანაშაულს უარყოფს. UEFA კი, თავის მხრივ, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

ამასთან, თანამდებობა დატოვა FIFA-ს ეთიკის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა, ხუან პედრო დამიანიმ, რომელიც Panama Papers-ის მასალების მიხედვით, FIFA-ს ყოფილი ვიცეპრეზიდენტის ეუხენიო ფიგერედოს 7 ოფშორულ კომპანიასთან თანამშრომლობაშია მხილებული.

ცნობისთვის, ეუხენიო ფიგერედო ერთ-ერთი იყო FIFA-ს იმ 14 თანამშრომლიდან, რომლებიც გასული წლის მაისში ციურიხში, საფეხბურთო კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 8 ოქტომბერს საფეხბურთო კორუფციის ცნობილი სკანდალის ფარგლებში, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი ფეხბურთიდან 90 დღით მოკვეთეს. 21 დეკემბერს FIFA-ს ეთიკის კომიტეტმა ორივე პრეზიდენტს ფეხბურთთან კავშირი 8 წლით აუკრძალა, 2016 წლის თებერვალში კი მათი სასჯელი 6 წლამდე შემცირდა.

კომენტარები