სექსუალური შევიწროება

თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს უჩივლებს

ტაბულა

ტელეკომპანია იმედის ყოფილი თანამშრომელი თათია სამხარაძე სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში უჩივლებს. სამხარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „ეს სისტემური ხასიათის იყო".

„საჯაროდ ვადასტურებ, რომ ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროება ჩემი იმჟამინდელი უფროსის შალვა რამიშვილის მხრიდან. ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი, წამოვსულიყავი სამსახურიდან და მიმემართა დირექციისთვის დახმარების თხოვნით. ვაპირებ, დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს და კანონის გზით და ვუჩივლო მას სასამართლოში", - ამბობს სამხარაძე.

იმედის ყოფილი თანამშრომლის თქმით, მას აქვს ჩაწერილი აუდიოფაილი, სადაც შალვა რამიშვილი ემუქრება, რომ თუ არ დათანხმდება „თანაცხოვრებაზე", არა მარტო იმედიდან წასვლა მოუწევს, არამედ ვერცერთ ტელეკომპანიაში მუშაობას ვეღარ შეძლებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ ჩანაწერი გაგზავნილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, რათა დადგინდეს მისი ავთენტურობა.

შალვა რამიშვილი დღეს 4 საათზე პროკურატურაში მისვლას აპირებს, თუმცა სამხარაძისთვის უცნობია, რასთან დაკავშირებით შეიტანა უწყებაში განცხადება.

„ის ამბობს, რომ მე გავასაჯაროვე ჩანაწერი, რაც არ მომხდარა, თქვენ არავის არ გინახავთ ეს ჩანაწერი, არის სამხარაულის ბიუროში, რის შემდეგაც გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს. თუ ცილისწამებაზე აქვს პრეტენზია, შესაგებელი სარჩელი შევა სასამართლოში, სადაც მე დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს".

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია ამბობს, რომ ეს საქმე არის პრეცედენტული, რადგან სექსუალური შევიწროების შემთხვევები ძალიან ხშირია, თუმცა ქალები დუმილს ვერ არღვევენ. პატარაია განმარტავს, რომ სექსუალური შევიწროება არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის დანაშაულს და არც ადმინისტრაციულ გადაცდომას, რის გამოც ის აპირებს, მიმართოს პარლამენტს.

„ეს შემთხვევა უნდა იყოს პირველი მაგალითი იმისთვის, რომ ქალებმა ხმა ამოიღონ ამ ტიპის ძალადობაზე. ჩვენ გვაქვს სერიოზული საკანონმდებლო ხარვეზი და პრობლემა, ვინაიდან, სექსუალური შევიწროება არ წარმოადგენს არც სისხლის სამართლის დანაშაულს და არც ადმინისტრაციულ გადაცდომას. როდესაც ამ საქმეს მიეცემა სასამართლოში მსვლელობა, საქმე უნდა წავიდეს შრომის კოდექსით და ანტიდისკრიმინაციული კანონით. თუმცა ანტიდისკრიმინაციულ კანონშიც უშუალოდ შევიწროების განმარტება არ არსებობს. ჩვენ, ქალთა მოძრაობა მოვითხოვთ, რომ საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ეს პრობლემა და ამასთან დაკავშირებით აუცილებლად მივმართავთ საქართველოს პარლამენტს", - ამბობს პატარაია.

ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედმა 7 აპრილს განაცხადა, რომ შალვა რამიშვილთან დაკავშირებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობა გაწყვიტა. ტელეიმედს გადაწყვეტილების მიზეზები არ განუმარტავს.

კომენტარები