ოფშორული ზონა

თანაინვესტირების ფონდი FRANKSTON INTERNATIONAL-ის მფლობელის ვინაობას მალავს

ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე
facebook.com/GCFund

Panama Papers-ის მონაცემებით, საქართველოს ექსპრემიერმა და ქვეყნის უმდიდრესმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა ვირჯინიის კუნძულებზე დაფუძნებული კომპანია Lynden Management საკუთარ ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა, რის გამოც გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ქონებრივი დეკლარაციის გარეთ შესაძლოა ივანიშვილის მფლობელობაში არსებული კიდევ სხვა კომპანიებიც არსებობდნენ. ამ მხრივ ტაბულა პანამაში 2011 წელს დაფუძნებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL S.A.-ის ბენეფიციარი მფლობელის ვინაობით დაინტერესდა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული საქართველოს თანაინვესტირების ფონდი პანამაში 2011 წელს რეგისტრირებული კომპანია FRANKSTON INTERNATIONAL S.A.-ის მფლობელის ვინაობას მალავს.

ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ძველი თბილისის ისტორიული ნაწილის თავზე პროექტ პანორამა თბილისის მთავარი ინვესტორია. პროექტს უშუალოდ კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტი" განახორციელებს, რომლის მფლობელიც პანამის ოფშორში 2011 წელს რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL-ია, შესაბამისად არსებობს ვარაუდი, რომ FRANKSTON INTERNATIONAL-ის ბენეფიციარი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია. თანაინვესტირების ფონდში ტაბულას კითხვაზე, არის თუ არა FRANKSTON INTERNATIONAL-ის ბენეფიციარი მფლობელი ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, პასუხობენ, რომ ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა და მისი გამხელის უფლება ფონდს არ აქვს. 

კომპანია "ოლდ სიტი დეველოპმენტის" ოფისი ივანიშვილის სხვა კომპანიების მსგავსად თბილისში, ჭავჭავაძის 39-ში, ქართუ ბანკის სათავო ოფისში მდებარეობს. კომპანიის დირექტორი კი 2016 წლის 27 იანვრამდე თბილისის მერის ამჟამინდელი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი იყო. ლილუაშვილი დღეს მერიაში პანორამა თბილისის განხორციელების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია. პანორამა თბილისი "ოლდ სიტი დეველოპმენტის" ერთადერთი პროექტი არაა, კომპანიამ განმუხურში სასტუმროს მშენებლობისთვის დააფუძნა კომპანია "ბლექ სი რივიერა", რომელმაც 2.2 მილიონად განმუხურში სანაპიროს ნაწილი შეისყიდა. "ბლექ სი რივიერას" მფლობელიც ოფშორში რეგისტრირებული FRANKSTON INTERNATIONAL-ია. 

Panama Papers-ის მიერ აღმოჩენილ Lynden Management-თან დაკავშირებით, თანაინვესტირების ფონდის თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებდა, რომ ამ კომპანიის ქონებრივ დეკლარაციაში მიუთითებლობა დანაშაულს არ წარმოადგენდა, რადგანაც საქმე არა კომპანიის პირდაპირ ფლობას, არამედ მის ბენეფიციარულ ფლობას შეეხებოდა. საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს ინფორმაციით კი, ქონებრივ დეკლარაციაში პირმა უნდა მიუთითოს ყველა კომპანია, სადაც მისი მონაწილეობა ფიქსირდება და რომლიდანაც ის სარგებელს იღებს, რაც ბენეფიციარულ ფლობაზეც ვრცელდება. ეს კი ივანიშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს.

კომენტარები