ენერგეტიკა

რუსეთი, ირანი, სომხეთი და საქართველო ელექტროენერგიით ვაჭრობის ქსელს ქმნიან

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/minenergygovge

2018 წლისთვის ირანი, სომხეთი, საქართველო და რუსეთი ელექტროენერგიით ვაჭრობის ახალ სისტემაში იქნებიან გაერთიანებული, რომლის მეშვეობითაც წელიწადში დაახლოებით 1200 მეგავატი ელექტროენერგიის გაცვლას მოახდენენ. ახალი ენერგეტიკული გაერთიანების დაფუძნებას ხელი გასული წლის დეკემბერში მოეწერა დღეს კი ერევანში მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა შედგა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი ესწრებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ჰამიდ ჩიტჩიანი, სომხეთის ენერგეტიკის მინისტრი ლენოვ ეოლიანი, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ნოვაკი.

მემორანდუმის მიხედვით, საქართველო-სომხეთ-ირანს დააკავშირებს ახალი 400-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები. საქართველოსა და რუსეთს შორის კი უკვე არსებობს 500-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი, ერთობლივად კი ახალი და ძველი გადამცემი ხაზები ახალ ერთიან სისტემას წარმოქმნიან. ერევანში გაფორმებული ხელშეკრულების მეშვეობით შეიქმნება ახალი სადისპეტჩერიზაციო სისტემა, რომელიც ერთობლივი ქსელის კოორდინაციას უზრუნველყოფს. 

სომხეთი აშენებს ახალ ელექტროსადენებს, რომლებითაც საქართველოსა და ირანს დაუკავშირდება. ახალი კავშირის დაფუძნების ერთ-ერთი მიზანი ირანის მიმართულებით რუსული ელექტროენერგიის გატანაა. ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით, საქართველოს მომავალში ექსპორტზე ელექტროენერგიის ირანში გატანაც შეეძლება. 

საქართველოს დღეისთვის ელექტროენერგია ექსპორტზე ძირითადად თურქეთის მიმართულებით გააქვს. ექსპორტი მაქსიმალური 2010 წელს იყო, როდესაც მან 1.5 მილიონი კილოვატი შეადგინა. 2012 წლიდან კი საქართველოს იმაზე უფრო ნაკლები მოცულობის ელექტროენერგია გააქვს ექსპორტზე, ვიდრე იმპორტით ყიდულობს. 

იმისთვის, რომ საქართველომ ექსპორტზე იმაზე მეტი ელექტროენერგია გაიტანოს, ვიდრე იმპორტით ყიდულობს, ქვეყანაში აუცილებელია ახალი სადგურების მშენებლობა. ახალი სადგურების მშენებლობის ტემპი კი მოთხოვნის ზრდას ვერ პასუხობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები