არჩევნები 2016

ზედელაშვილი: პრეზიდენტმა საარჩევნო ნორმის კონსტიტუციურობაზე უნდა იდავოს

0 კომენტარი
დავით ზედელაშვილი ფოტო: ტაბულა

კონსტიტუციონალისტ დავით ზედელაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება, პრეზიდენტმა იდავოს იმ მუხლის არაკონსტიტუციურობაზე, რომლის მიხედვითაც, მას არჩევნების თარიღის დასანიშნად მთავრობის კონტრასიგნაცია სჭირდება.

"თუ ჩავთვლით, რომ მთავრობა არაკეთილსინდისიერად იმოქმედებს, მას შეუძლია, საერთოდ უარი თქვას ნებისმიერი აქტის კონტრასიგნაციაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნები საერთოდ არ დაინიშნება. ამით ძალაუფლების კიდევ უფრო ბოროტად გამოყენების შესაძლებლობა იხსნება, რაც არ უნდა არსებობდეს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, გამოსავალი იქნება, პრეზიდენტმა იდავოს საარჩევნო კოდექსის იმ ნორმის კონსტიტუციურობაზე, რომელიც ავალდებულებს მას, რომ ეძიოს მთავრობის კონტრასიგნაცია"б - ამბობს ზედელაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კანონის მიხედვით, "თუ მთავრობა არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, რომელიც პრემიერმინისტრს კონტრასიგნაციისათვის გადაეცა, მთავრობა ამზადებს მოტივირებულ შენიშვნებს, რომლებსაც პრემიერმინისტრი საქართველოს პრეზიდენტს გადასცემს 10 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტთან ერთად. საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, მომდევნო 10 დღის ვადაში მთავრობის შენიშვნების შესაბამისად, ცვლილება შეიტანოს თავის სამართლებრივ აქტში და ამ სახით ხელახლა გადასცეს იგი პრემიერმინისტრს კონტრასიგნაციისათვის, რის შემდეგაც მეორდება პროცედურა. ხოლო თუ მთავრობა კვლავ არ მოიწონებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტს, პრეზიდენტს აღარ შეუძლია გადასცეს პრემიერმინისტრს კონტრასიგნაციისათვის იმავე შინაარსის სამართლებრივი აქტი მისი განმეორებით უარყოფიდან 6 თვის ვადაში". 

კონსტიტუციონალისტ ვახუშტი მენაბდის განმარტებით, "საუბარია იმაზე, რომ პრეზიდენტი იმავე შინაარსის აქტს ვერ გამოსცემს. შინაარსს განსაზღვრავს გამოცემის დრო, მისი ძალაში შესვლის დრო და არჩევნების თარიღი. პრემიერს ნიაჩნია, რომ გამოცემის თარიღი უნდა იყოს სხვა და არა ის, რასაც პრეზიდენტი სთავაზობს. ამდენად, თუ პრეზიდენტი შეცვლის თარიღს, ე.ი. შეიცვლება ვითარება, შეიცვლება აქტის შინაარსი და, შესაბამისად, არ გვექნება ის ვითარება, როდესაც პრეზიდენტს არ აქვს იმავე შინაარსის აქტის ექვსი თვის განმავლობაში გამოცემის უფლება".

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების თარიღის შესახებ განკარგულება პრემიერმინისტრის კონტრასიგნაციისთვის 5 აპრილს გადაუგზავნა. გუშინ, პრემიერმა სამართლებრივი აქტი შენიშვნებით უკან დაუბრუნა და სთხოვა, დოკუმენტი ივლისის დასაწყისში გადაუგზავნოს, რათა საარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაიწყოს. გიორგი მარგველაშვილმა მას უპასუხა, რომ ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს და საარჩევნო კამპანია ხუთი თვით ადრე დაიწყება.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: პატიმრობის მისჯის შემდეგ მსჯავრდებული ტყეში გაიქცა, 58 წლის კაცი უკვე დავაკავეთ

კომენტარები