აშშ-ის საელჩო

აშშ-ის ელჩზე მუქარის შესახებ პოსტისთვის, მომხმარებელს პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის ფორუმზე გამოქვეყნებული პოსტის გამო, მომხმარებელ სულხან წულაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. მას აშშ-ის ელჩზე მუქარას ედავებიან. Forum.ge-ს მომხმარებლები წერენ, რომ წულაძემ რამდენიმე დღის წინ „სახუმარო თემა" გახსნა ამერიკის ელჩზე მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მის დასახმარებლად გახსნილ პეტიციაში წერია, რომ "წულაძემ მეტი დამაჯერობლობისათვის ტექსტს დაურთო Google Map-იდან ამოღებული სურათი, სადაც თითქოსდა ასახული იყო მოქმედების გეგმა". 

პროკურატურამ საქმეზე გამოძიება სსკ-ის 326-ე მუსხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე პირზე ან დაწესებულებაზე მუქარას გულისხმობს. წულაძის მიმართ პატიმრობის გამოყენება პროკურატურამ მოითხოვა და სასამართლომ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი 2 ივნისს, 12:00-ზეა ჩანიშნული.

მომხდართან დაკავშირებით, აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა. 

"აშშ-ის საელჩო აფასებს, თუ როგორი სერიოზულობით მოეკიდა საქართველოს ხელისუფლება - მათ შორის მთავარი პროკურორის ოფისი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო - ელჩ კელის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას. საერთაშორისო შეთანხმებებით დაცული პირის წინააღმდეგ მუქარის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. ამიტომ აშშ-ის საელჩოს დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეუძლია" - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

კომენტარები