საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

TDI: საკონკურსო კომისიამ განმარტოს რა კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა ცინცაძემ

არასამთავრობო და რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციების წარმომადგენლები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის შესარჩევ საპარლამენტო საკონკურსო კომისიას ღია წერილით მიმართავენ. ხელმომწერი 8 ორგანიზაცია ითხოვს კომისიამ განმარტოს ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნინო ცინცაძემ და შესაბამისად, ვერ გადავიდა შერჩევის შემდეგ ეტაპზე.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსისადმი მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მოგმართავთ თხოვნით, განგვიმარტოთ ის კონკრეტული კრიტერიუმები, რომლებიც ვერ დააკმაყოფილა მეურვეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ნინო ცინცაძემ და შესაბამისად, ვერ გადავიდა შერჩევის შემდეგ ეტაპზე. ნინო ცინცაძეს აქვს მედიის, გამოხატვის თავისუფლების, განათლებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მუშაობისა და სამოქალაქო აქტივიზმის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი არის საქართველოში პორტიჯის ასოციაციის, ასევე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) დამფუძნებელი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ვებგვერდის რედაქტორი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, კომისიის დებულების თანახმად, კანდიდატები ფასდებიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და კრიტერიუმების საფუძველზე. გთხოვთ, გვაცნობოთ, რას ითვალისწინებს აღნიშნული კრიტერიუმები, როგორ ფასდება კანდიდატის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია და შესაბამისად, რომელი კრიტერიუმი ვერ დააკმაყოფილა ნინო ცინცაძემ" - აღნიშნულია ორგანიზაციების მეირ გავრცლებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, არასამთავრობო და რელიგიურ უმცირესობათა ორგანიზაციები ინტერესდებიან რატომ არ გახდა კომისიის წევრებისათვის მნიშვნელოვანი, ნინო ცინცაძის მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში მკაფიოდ ხაზგასმული პრიორიტეტები: სახელისუფლებლო, რელიგიური და პოლიტიკური გავლენებისაგან მაუწყებლის სრული განთავისუფლება, სამეურვეო საბჭოს როლის ზრდა ჟურნალისტთა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეწყობაში, გასაჩივრების გამჭვირვალე მექანიზმებითა და საზოგადოებრივი საბჭოების ამოქმედების გზით, მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა, ჟურნალისტთა ეთიკური სტანდარტებისა და პროფესიონალიზმის ზრდა.

"თავის ხედვასა და ამ ხედვის წარდგენისას ნინო ცინცაძემ ასევე ხაზი გაუსვა საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო კამპანიის წარმოებაში ქსენოფობიის, ჰომოფობიისა და რასიზმის წინააღმდეგ, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის როლს გენდერული თანასწორობის, პოზიტიური მშობლობისა და წიგნიერების კულტურის ხელშეწყობის მხარდასაჭერად. ჩვენი მოსაზრებით, სწორედ ესენია ის საკვანძო საკითხები, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სანდოობას, და შესაბამისად, მისი რეიტინგის ზრდას შეუწყობს ხელს. გვჯერა, რომ ამ მნიშვნელოვანი პროცესის გაანალიზება, გამჭვირვალობა და საზოგადოების დაინტერესებულ წევრთა ჩართულობა საშუალებას მოგვცემს, ვისაუბროთ შესარჩევი პროცესის ძლიერ მხარეებზე და თავიდან ავიცილოთ შესაძლო შეცდომები მომავალში" - აცხადებენ ორგანიზაციები.

განცხადების ხელმომწერები არიან: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი- საქართველო (BBSA- Georgia), საფარი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, საზოგადოება პოზიტიური ცვლილებებისთვის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევი პროცესი 13 აპრილს დასრულდა და საბჭო სრულად დაკომპლექტდა. პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ვაკანტურ ადგილებზე წარდგენილი კანდიდატები - ირმა ფუტკარაძე, გიორგი ნიჟარაძე, სულხან სალაძე და ირაკლი პაპავა აირჩია. 

კომენტარები