საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო: სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს ღირსეული პირობები შეუქმნას

მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას აკეთებს. სასამართლოს მთავარი მრჩევლის გიორგი დავითურის თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიები. მისივე განმარტებით, ბინების საკუთრებაში გადაცემა „დამკვიდრებული პრაქტიკაა". გიორგი დავითური ამბობს, რომ მოსამართლის ხელფასით უზრუნველყოფა მოწესრიგებულია სხვა კანონით, ხოლო ცხოვრებისა და ღირსეული პირობების შექმნა - სხვა კანონით.

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის" მეოთხე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები. აღნიშნულ ჩანაწერს იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ საქართველოს კანონი, რომელიც განამტკიცებს აგრეთვე სახელმწიფოს იგივე ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო როგორ განახორციელებს ამ ვალდებულებას, ეს არის მისი დისკრეცია და მისი გადასაწყვეტი. რაც შეეხება ბინის გადაცემის საკითხს, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ბატონი მერაბ ტურავას შემთხვევა არ არის ახალი პრეცედენტი და ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა. შესაბამისად, სასამართლომ აირჩია, ეს ვალდებულება განახორციელოს ბინის გადაცემის გზით და ამ ქმედების საკანონმდებლო საფუძველი არსებობს", - აღნიშნა გიორგი დავითურმა.

არსებული ინფორმაციით, ბათუმის მერიის მოთხოვნით, მერაბ ტურავასთვის ბინის გადაცემის საკითხზე ბათუმის საკრებულო 20 აპრილს იმსჯელებს.

კომენტარები