მიტროპოლიტ სერაფიმეს საქმე

მიტროპოლიტი სერაფიმე ბორჯომის ეპარქიიდან გათავისუფლდა, მიზეზი უცნობია

მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს თხოვნით მიმართა ეპარქიის მმართველი მღვდელმთავრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით - ამის შესახებ ეპარქიის მრევლს, დღეს, ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ ამბიონიდან განუცხადა. ქორეპისკოპოსმა თეოდორემ, რომელიც დროებით უხელმძღვანელებს ეპარქიას, განმარტებები არ გააკეთა, მომხდარი ღვთის ნებით ახსნა და მორწმუნეებს მოუწოდა, მიტროპოლიტის მიერ კათედრის დატოვების მიზეზები არ გამოიძიონ.  

"თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო ეს გადაწყვეტილება და წავიდა ეპარქიიდან, ძალიან რთულია, რაიმე გითხრათ და რაიმეთი განუგეშოთ. ერთ რამეს გეტყვით - ღვთის ნება არის ყველაფერი, ღვთის ნების გარეშე ამ ქვეყნად არ ხდება არაფერი. თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო გადაწყვეტილება და მან სთხოვა უწმიდესს, ეპარქიიდან ყოფილიყო გათავისუფლებული, ეს ღვთის ნების გარეშე არ მოხდებოდა, ღმერთმა დაუშვა ეს. რა იყო ამაში, ვისი ბრალი იყო, რა ხდებოდა, ეს ჩვენ არ ვიცით. ეს ღმერთმა იცის. ფაქტია, რომ თითოეული ჩვენგანის ბრალი იყო ეს, პირადად ჩემი ბრალი იყო, სამღვდელოების ბრალი, სინოდის ბრალი და თითოეული თქვენგანის ბრალიც.

ალბათ, ყურადღება ვერ მივაქციეთ, ვერ გამოვიჩინეთ გულისხმიერება, როცა ეს სჭირდებოდა. ამით ცხოვრება არ მთავრდება, ღვთის განგება ძალიან ღრმა და რთულია. ჩვენ არ ვიცით, თუ რას გვიმზადებს ღვთის განგება ხვალ. არ უნდა გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაც იყო ამაში დამნაშავე. არც თვითონ მეუფე სერაფიმესკენ არ უნდა გავიშვიროთ თითი. ყველამ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ის მარცვალი, რამაც ხელი შეუწყო ამ ფაქტს. ნუ დაიწყებთ იმის ჩიჩქვნას და გამოძიებას, თუ რამ გამოიწვია ეს. ღვთის განგებაში ჩვენ ვერ ჩავწვდებით. მაგრამ ხვალ, ზეგ , მაზეგ მიზეზები თავისთავად გაცხადდება. მეუფე სერაფიმეს ღმერთი ეპარქიისთვის გაკეთებულ საქმეებს აუცილებლად დაუფასებს და ჩვენც პირველ რიგში, მას ღვაწლი უნდა დავუფასოთ. არ შეიძლება, ადამიანი ღვთის ნების წინააღმდეგ იყოს მებრძოლი, ამიტომ უნდა გადავიტანოთ ეს განსაცდელი", - განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

ტაბულა შეეცადა მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებას, მის მობილურ ტელეფონს სასულიერო პირმა უპასუხა, რომელმაც გვითხრა, რომ მღვდელმთავარი მონასტერში იმყოფება, განმარტებები კი, საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.

საპატრიარქოს ოფიციალური საიტზე განთავსებული ბიოგრაფიის თანახმად, სერაფიმე ჯოჯუა ბორჯომის ეპარქიას ხელმძღვანელობდა 21 წლის განმავლობაში, 1995 წლის 20 აპრილიდან.

კომენტარები