ჰილსბროს ტრაგედია

ჰილსბროს ტრაგედია: მაშინდელ პოლიციის შეფს პასუხისგებაში მიცემა ემუქრება

Press Association Images

სასამართლოს დასკვნით, ჰილსბროს ტრაგედია შეფილდის პოლიციის მაშინდელი შეფის, დევიდ დაკენფილდისა და პოლიციელების შეცდომებმა გამოიწვია. დაკენფილდს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა ემუქრება.

სასამართლოს დასკვნით, ტრაგედიის გამოწვევაში წვლილი ლივერპულის გულშემატკივრებს არ მიუძღვით, მათ მიმართ ყველანაირი ბრალდება მოხსნილია.

ცნობისთვის, ტრაგედიის შემდეგ, გამოძიებამ მომხდარი ლივერპულის გულშემატკივრების საქციელს დააბრალა. ლივერპულის მხარდამჭერებს ადანაშაულებდა პრესაც, განსაკუთრებით ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Sun-ი. The Sun-ის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა კევინ მაკკენზიმ 1989 წლის 19 აპრილის ტრაგედიიდან 4 დღეში გამოაქვეყნა სტატია სათაურით "სიმართლე", სადაც ის აღნიშნავდა, რომ ტრაგედიაში უდიდესი როლი ლივერპულის ფანებმა ითამაშეს. ამას გარდა, მაკკენზი ლივერპულის გულშემატკივრებს სხვა ბრალდებებსაც უყენებდა, „ზოგიერთ მათგანს დაღუპულთა საფულეები ეჭირა, ზოგი პოლიციის ფორმით იყო მოედანზე, ზოგმა კი პოლიციელებს სცემა." საბოლოოდ ეს ყველაფერი არ დადასტურდა, თუმცა, სტატიამ ლივერპულში თავისი კვალი დატოვა. ლივერპულელებმა გაზეთს ბოიკოტი გამოუცხადეს. შემდეგ, ბოდიში მაკკენზიმაც და The Sun-მაც მოიხადეს, თუმცა ლივერპულელები ამ გაზეთს დღემდე არ ყიდულობენ.

ლივერპულის გულშემატკივრები პირველად 2012 წლის სექტემბერში გამართულმა ხელახალმა სასამართლომ გაამართლა და ბრალი შეფილდის პოლიციის იმჟამინდელ შეფს დასდო. 2012 წლის სექტემბერშივე ინგლისის პრემიერმინისტრმა და შეფილდის პოლიციის უფროსმა ლივერპულის ფანებს 23-წლიანი ტყუილისთვის ბოდიში მოუხადეს.

1989 წელს ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალის, ლივერპული - ნოტინგემ ფორესტის მატჩის დასაწყისში, რომელიც შეფილდ უენსდეის სტადიონზე ჰილსბროზე იმართებოდა, ტრაგედია მოხდა: სტადიონზე შესვლისას გვირაბში გულშემატკივრებმა ერთმანეთი გადათელეს. შემთხვევის შედეგად 96 ადამიანი დაიღუპა, 766 კი დაშავდა.

კომენტარები