ვენესუელა

ვენესუელაში ენერგოკრიზისია, დენის დაზოგვისთვის ორდღიანი სამუშაო კვირა დაწესდა

საზღვარზე მებაჟე ავტომობილს უშუქობის გამო საკუთარი სმარტფონის შუქზე ამოწმებს
Reuters

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დადგენილება გამოსცა, რომ საჯარო სამსახურები ენერგიის დაზოგვის მიზნით, კვირაში მხოლოდ ორი დღის მანძილზე იმუშავებენ. წინა დადგენილებით ვენესუელის პრეზიდენტმა პარასკევი უქმედ გამოაცხადა. კვირაში ხუთი დასვენების დღის შემოღების მიზანს ქვეყანაში არსებული უმძიმესი ენერგოკრიზისის შედეგების შერბილება წარმოადგენს. 

"საჯარო სეტქორი იმუშავებს ორშაბათსა და სამშაბათს, სანამ ჩვენ გავდივართ უკიდურესად კრიტიკულ კვირებს."- ამბობს ნიკოლას მადურო. ენერგოკრიზისის მიზეზი უჩვეულოდ ხანგრძლივი გვალვა გახდა, რის გამოც ვენესუელაში ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა შემცირდა. რამდენიმე კვირის წინ მთავრობამ ქვეყანაში ელექტრომომარაგების გრაფიკი დააწესა, მოსახლეობა დღის მანძილზე დენს საშუალოდ ორი საათით იღებს. 

ვენესუელა ენერგეტიკული რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესია. საერთაშორისო ენერეგტიკული სააგენტოს ინფორმაციით, IEA ვენესუელა ნავთობის მარაგებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 

  1. ვენესუელა - 297 მილიარდი ბარელი ნავთობი
  2. საუდის არაბეთი - 268 მილიარდი ბარელი ნავთობი
  3. კანადა - 173 მილიარდი ბარელი ნავთობი
  4. ირანი - 157 მილიარდი ბარელი ნავთობი
  5. ერაყი - 140 მილიარდი ბარელი ნავთობი

ვენესუელის ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება წლების მანძილზე წარმოებულ არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად ნავთობის მსოფლიო ფასების შემცირებას უკავშირდება, რის გამოც ნავთობის ექსპორტისგან მიღებული სავალუტო შემოდინებები შემცირებულია. სავალუტო ფონდის პროგნოზით, წელს ქვეყანაში წლიური ინფლაცია 720% იქნება.

ვენესუელაში უკვე წლებია, რაც მთელ რიგ სამომხმარებლო პროდუქტებზე, როგორიცაა რძე, ხორცი, კვერცხი, დეფიციტი შეინიშნება. სამომხმარებლო საქონლის დეფიციტის მიზეზი საკანონმდებლო და არასაკანონმდებლო ბარიერებია, რომელთა გამოც ქვეყნის კერძო სექტორი ბაზარს სათანადო რაოდენობის პროდუქციით ვერ ამარაგებს. ვენესუელაში ისეთი პროდუქტების დეფიციტიც კი არსებობს, როგორიც ტუალეტის ქაღალდი და პრეზერვატივია.

კომენტარები