მონეტარული პოლიტიკა

ეროვნული ბანკი: მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5-6%-მდე შემცირდება

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

საქართველოს ეროვნული ბანკი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ეტაპობრივ შემცირებას იწყებს. ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია, რის გამოც გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება დღის წესრიგში აღარ დგას. ეროვნული ბანკი საშუალოვადიან პერიოდში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 5-6%-მდე შეამცირებს. 

მონეტარული პოლიტიკის შერბილება მათთვის, ვისი სესხებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, კარგ სიახლეს წარმოადგენს, რადგანაც მათი საპროცენტო განაკვეთები 2.5-3%-ით შემცირდება. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება აპრილში დაიწყო, როდესაც 8%-იანი განაკვეთი 7.5%-მდე შეამცირა.

"ვაცხდებთ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გადავდივართ შერბილებულ მონეტარულ პოლიტიკაზე, რადგანაც გამკაცრებული პოლიტიკის საჭიროება აღარ არის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი საშუალოვადიან პერიოდში 5-6%-მდე შემცირდება. თუმცა შემცირების სიჩქარე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც მოლოდინებსა და მომავალ ინფლაციაზე ახდენენ გავლენას", - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.

საქსტატის მონაცემებით, ინფლაცია მესამე თვეა მცირდება. თებერვალში ინფლაცია 5.2% იყო, მარტში 4.1% გახდა, აპრილში კი 3.2%-მდე შემცირდა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაცია დაბალი დარჩება წლის პირველ ნახევარში, მეორე ნახევარში კი ის ეროვნული ბანკის სამიზნე მაჩვენებელს 5%-ს მიუახლოვდება. "დაბალი დარჩება ინფლაცია წლის პირველ ნახევარში და წლის მეორე ნახევარში მცირე ზრდა უნდა იყოს, რაც ჯამში მიზნობრივ მაჩვენებელთან იქნება ახლოს", - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი. 

კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ინფლაციის შემცირება ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, ეროვნულ ბანკში პასუხობენ, რომ ლარის გაცვლითი კურსი ინფლაციაზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა ინფლაციაზე კურსზე უფრო მნიშვნელოვან გავლენას ბაზარზე არსებული მოლოდინები ახდენენ. 

"მაგალითად, ლარის გაუფასურება ინფლაციის ზრდას მაინცდამაინც არ უკავშირდებოდა. ინფლაციის ზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა ინფლაციის მოლოდინებს და კურსი ერთ-ერთი არხია, რომლის მეშვეობითაც მოლოდინები იქმნება და მას მცირე გადაცემა აქვს ინფლაციაზე, თუმცა ინფლაციის ზრდის მთავარი მიზეზი მოლოდინები იყო და არა კურსი, თუმცა გავლენა კურსსაც აქვს", - ამბობს არჩილ მესტვირიშვილი.

ეროვნული ბანკის მიზანს ქვეყანაში ფასების სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს. ბანკი სამიზნე ინფლაციის მაჩვენებელს ადგენს და ამ ინფლაციის მისაღწევად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს ზრდის ან ამცირებს. 2016 წელს სამიზნე ინფლაცია 5%-ია, 2017 წლისთვის - 4%, ხოლო 2018 წლისთვის - 3%.

კომენტარები