ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბებზე სოფელ კორცხელსა და წყალტუბოში თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია დაზიანებულია კანდიდატების საარჩევნო ბანერები. თავდასხმაზე პარტია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
საუბარია 22 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის გამოტოვებული წევრების არჩევნებზე, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან კენჭს მამუკა ლაშხია და ბუხუტი იყრიან.
„ნათელია, ხელისუფლებამ გადაწყვიტა გააგრძელოს გასული წლების პრაქტიკა, როდესაც მოსახლეობის პრობლემის გადაჭრისა და ქვეყნის განვითარებაზე ზრუნვის ნაცვლად, ივანიშვილის ხელისუფლება მის მიერვე ორგანიზებული ჯგუფების ხელით თავს ესხმოდა და არბევდა ნაციონალური მოძრაობის შტაბებს. ეს საქმეები დღემდე გამოუძიებელია და არავინ დასჯილა. ნათელია, რომ პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი წინამორბედის, ღარიბაშვილის გზას დაადგა და ისიც ივანიშვილის მარიონეტია - გარდა ზეწოლებისა, ხდება ადმინსტრაციული რესურსის გამოყენება. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაუფარავად მონაწილეობენ ხელისუფლების კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებში. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მსგავსი ქმედებებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვერ გააჩერებთ და ვერც არჩევნების შედეგებზე მოახდენთ გავლენას. მთელი პასუხისმგებლობა მსგავს შემთხევებზე ეკისრება ხელისუფლებას, პირადად გიორგი კვირიკაშილსა და შს მინისტრს, რომელთაც არ სურთ გამოიძიებულ იქნას ეს დარღვევები. „-წერია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





