ე.წ. კაბელების საქმე

ე.წ. კაბელების საქმის განაჩენს შაბათს პროკურატურასთან გააპროტესტებენ

facebook.com/alasaniairakli

თავისუფალი დემოკრატების ორგანიზებით, შაბათს, 21 მაისს, 14:00 საათზე პროკურატურასთან აქცია გაიმართება, სადაც ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს გააპროტესტებენ.

თავდაცვის ყოფილი მინისტრისა და პარტიის ლიდერის ირაკლი ალასანიას თქმით, პარტია საგანგებო მოქმედების რეჟიმზე გადადის.

"დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანი სასამართლომ დამნაშავედ სცნო და თითოეულს მიუსაჯა შვიდი წელი ციხეში. დღეს ივანიშვილმა მოსამართლე ბუგიანიშვილის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას და სამშობლოს პატიოსან სამსახურს. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მთელი ძალით ბობოქრობს. შეიცვალა მხოლოდ ამ საშინელი სისტემის მთავარი არქიტექტორის ვინაობა. ის ახლა ბიძინა ივანიშვილია.

ვიდრე პროკურატურის და სასამართლოს პოლიტიკის ინსტრუმენტად გამოყენების მანკიერ წრეს არ გავწყვიტავთ, ჩვენ უსამართლობის მსხვერპლი ვიქნებით. როცა სამათლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც შეიძლება მოქალაქე ჩაეჭიდოს, რამაც შეიძლება ადამიანების ყოფას აზრი მისცეს. მოსამართლე ბუგიანიშვილმა დამნაშავედ სცნო ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ დანაშაულის ჩადენის მოტივი, ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოსთვის ყველაზე მომგებიანი და ხარისხობრივად უნაკლო კონტრაქტი გააფორმეს. და ბოლოს, ადამიანები რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას, რომლის გაფლანგვაშიც ბრალს სდებენ.

ივანიშვილი თანდათან დაეპატრონა ქვეყნის მართვის ყველა ძალოვან ბერკეტებს. ქვეყნის მთავარი ინსტიტუტები ჩააბარა მისი სურვილების უსიტყვო შემსრულებლებს: პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს - მურუსიძე, ხოლო მის პარტიაში ერთი კაციც არ არის, ვინც ამას შეეწინააღმდეგება. ჩვენ არ მივატოვებთ უდანაშაულო ადამიანებს და მათ ოჯახებს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების ციხიდან დასახსნელად. ჩვენ კონსტიტუციური ნორმების დაცვით, ყველა კანონიერი გზით, მათ შორის აქციებით ვიბრძოლებთ სამართლიანობის აღდგენისთვის.

დღეს ხუთი უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, რა თქმა უნდა, ცვლის ჩვენს დღის წესრიგს. დღეს, ხვალ, ზეგ ჩვენ შევხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, მივაწვდით ამ ბოროტმოქმედების შესახებ ინფორმაციას ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ყველა დედაქალაქსა და ორგანიზაციაში. ასევე, დღეს მინდა გაცნობოთ, რომ შაბათს, 21 მაისს, 14 საათზე გავმართავთ საპროტესტო აქციას საქართველოს პროკურატურათან. ეს იქნება პირველი აქცია. როცა სამხედროებს და მათ ოჯახებს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევა მართული პროკურატურა და სასამართლო, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველამ უნდა გავაკეთოთ დასკვნა - თუ საქართველოს ამ უსამართლობაში დავტოვებთ, შედეგიც უმძიმესი გვექნება!

მე, როგორც ოფიცერი, როგორც მოქალაქე და როგორც პოლიტიკოსი, ბოლომდე ვიბრძოლებ! ვპირდები უსამართლოდ და უკანონოდ დაპატიმრებულ ღირსეულ ბიჭებს და მათ ოჯახებს, არ დაგტოვებთ ტყვეობაში, არ მიგატოვებთ არცერთი წამით ამ ბრძოლაში, თქვენი თავისუფლება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ სახელმწიფოს ღირსების საქმეა.

დღეიდან პარტია საგანგებო მოქმედების რეჟმზე გადადის, მაგარამ ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას და სწორედ ოქტომბრის არჩევნებზე ქართველ ხალხთან ერთად შევცვლით არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას", - ამბობს ალასანია.

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა 7-7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ხუთ პირს - ნუგზარ კაიშაურს, დავით წიფურიას, არჩილ ალავიძეს, გიორგი ლობჟანიძესა და გიზო ღლონტს გამოძიება სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ლარის გაფლანგვას ედავებოდა.

როგორც მსჯავრდებულების ახლობლები ამბობენ, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მოსამართლე "ბიძინა ივანიშვილის პირადი მონაა". გადაწყვეტილება გასაჩივრდება.

კომენტარები