ვეგეტარიანული კაფე

ვეგეტარიანულ კაფეში შეჭრაზე "წინასაგამოძიებო მოქმედებები" დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ვეგეტარიანული კივი კაფეს დარბევის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, "დაიწყო წინასაგამოძიებო მოქმედები, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა კაფეში მყოფი პირები. ასევე გამოიკითხება მეორე მხარეც. წინასაგამოძიებო მოქმედებების შემდეგ რაც გამოიკვეთება, იმის შესაბამისად იმოქმედებს პოლიცია".

ვეგეტარიანულ კივი კაფეში სავარაუდოდ ბერგმანის დაჯგუფების წევრების შეჭრის შესახებ Facebook-ში რამდენიმე მომხმარებელმა დაწერა. მათი ცნობით, სავარაუდოდ ქართული ძალის, იგივე ბერგმანის წარმომადგენლები კივიში შამფურებზე აცმული სოსისებით და მწვადებით შევარდნენ. ანა გულისაშვილი წერს, რომ მოძალადეებმა "არამწეველ სივრცეში სიგარეტს მოუკიდეს, მთვრალებმა და არაადეკვატურ კონდიციაში მყოფებმა დაიწყეს ხმაური ანიმაციის მსვლელობისას და გამოიწვიეს იქ მყოფი ადამიანები არაკორექტული რეპლიკებით. შემდეგ დაიწყო არეულობა, ჩხუბი, სროლა. ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს თავი გაუტეხეს. პატრულის მოსვლამდე გაიქცნენ და პატრული როცა მოვიდა, არასერიოზულად შეხედა ყველაფერს და სასაცილოდაც არ ეყო ეგ ამბავი. ადამიანებს განსხვავებული სტილის, ჩაცმულობის, საყურეების გამო სცემენ და დასცინიან - რაკი არ ჭამენ ხორცს. და რაც მთავარია, პოლიცია არ გვიცავს, დაგვცინის და უფრო ამწვავებს სიტუაციას".

მოქალაქე ნონო ანთაძის თქმით კი, "ბარმენმა და მიმტანმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ უთხრეს გაჩუმებულიყვნენ ან გასულიყვნენ გარეთ. ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით". მისივე ცნობით, "პატრულმა იმის გამო, რომ ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რომ ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები". ანთაძე აღნიშნავს, რომ კაფეში ორი კამერაა. ის იმედს გამოთქვამს, რომ შსს ჩანაწერებს ნახავს.

ფილმის ჩვენების ჩაშლის შესახებ თავად კივი კაფემაც დაწერა.

"ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო კაფეში შეიქმნა არასასიამოვნო სიტუაცია, რამაც ხელი შეუშალა ფილმის ჩვენებას. ვრცლად შემთხვევის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ. მადლობა მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს", - ნათქვამია ვეგეტარიანული კაფეს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები