რუსთავი 2-ის საქმე

რუსთავი ორის საქმის განხილვა ხვალ 10:00-ზე განახლდება

სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სასამართლო სხდომა გადაიდო. პროცესი ხვალ, 10:00-ზე განახლდება.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, სასამართლო სავარაუდოდ ხვალ გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით.

"დღეს საბოლოოდ გაყიდა თავი ამ კოლეგიამ. პირველ რიგში, არ აიცილა ის საქმე, რომელზეც უტყუარი ინფორმაცია წარვადგინეთ მათი დაინტერესების შესახებ. ისიც კი არ გააკეთეს, რომ დაეკითხათ ის ადამიანები, ვინც ამ ინფორმაციას ფლობს... ეს არ არის სასამართლო პროცესი, დღეს საბოლოოდ გაიშიფრა კოლეგია, როდესაც ისე ჩანიშნეს სხდომა, რომ საერთოდ არ გვკითხეს - გვცალია თუ არ გვცალია ხვალ, დილის 10:00 საათზე. რამდენად შესაძლებელია პროცესის განახლება, რატომ არის ეს ასე საჩქარო, მაშინ როდესაც, არც ერთ ვითარებაში არც ერთი სასამართლო ასე მიყოლებით პროცესებს არ ნიშნავს. მოსამართლე ნატა ნაზღაიძე ზუსტად ისე მოიქცა, როგორც იქცეოდა მოსამართლე ურთმელიძე, გამოაცხადა სხდომის თარიღი, ადგა და გაიქცა. ეს არ არის მოსამართლე, ეს ქალბატონი არის ზონდერი" - ამბობს გვარამია და აღნიშნავს, რომ "ხვალ სავარაუდოდ ეს სასამართლო ეცდება დაასრულოს რუსთავი 2".

"არ მივცეთ საქართველოს მტერს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლების დასრულების უფლება," - აცხადებს ნიკა გვარამია.

დღევანდელ სხდომაზე, მოსამართლეებმა რუსთავი ორის გენერალური დირექტორის შუამდგომლობები არ დააკმაყოფილეს. პირველი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მიზეზად კოლეგიამ საკითხის უსაფუძვლობა დაასახელა. ნიკა გვარამია მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვდა. იმ მიზეზით, რომ წინა კოლეგიაზე ზეწოლა ხორციელდებოდა. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თქმით, მას მოსამართლეთა კოლეგიაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით სასულიერო პირისგან მიღებული ინფორმაცია სამმა ადამიანმა მიაწოდა. მათ შორის იყვნენ ელენე ხოშტარია, დათო ბაქრაძე და ნიკა რურუა.

რუსთავი ორის გენერალურმა დირექტორმა კოლეგიას შესთავაზა, მოწმეები პროცესზე დაეკითხათ, მაგრამ მოსამართლეებმა ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილეს. კოლეგია ასევე ვერ ხედავს აუცილებლობას, რომ გვარამიას მიერ გაკეთებული განცხადებაზე გამოძიება დაიწყოს.

 

კომენტარები