თავდასხმა ვეგანურ კაფეზე

"არა ფობიას" ვეგანურ კაფეზე თავდასხმაზე შეშფოთებას გამოთქვამს

არა ფობიას!

სამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას" წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს აგრესიული ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების ქმედებების გამო. ორგანიზაციების მოსაზრებით, ამ ქმედებებს ირიბად ახალისებს სამართალდამცველი ორგანოების არასაკმარისი რეაგირება ან სრული გულგრილობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და კანონდარღვევების მიმართ.

"გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 29 მაისს ვეგანურ კაფეში "კივი" შეიჭრნენ ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები, 10-მდე პირი. ისინი თავს დაესხნენ კაფეში მყოფ პირებსა და დაწესებულების პერსონალს. თვითმხილველთა თქმით:

"დაიწყო არეულობა, ჩხუბი, სროლა. ერთ-ერთ ჩვენ მეგობარს თავი გაუტეხეს. პატრულის მოსვლამდე გაიქცნენ ისინი და პატრული როცა მოვიდა, არასერიოზულად შეხედა ყველაფერს და სასაცილოდაც არ ეყო ეგ ამბავი".

"ატყდა შეხლა-შემოხლა, დანების ტრიალი, მზარეულს გაუხეთქეს წარბი, დაასისხლიანეს, მიმტანი გოგო ითრიეს თმებით, აფეთქდა მაშხალები, მოვარდნენ მეზობლები, რომლებიც მოითხოვდნენ სიწყნარეს. მოვიდა პატრული, იმის გამო, რომ ბარში მომსახურე პერსონალს და სტუმრების უმეტესობას პირსინგები, დრედები და იროკეზები ჰქონდა, ჩათვალა, რომ ჩვენ ვიყავით კონფლიქტის ინიციატორები".

კაფე "კივის" ფეისბუკ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმა სავარაუდოდ ჰომოფობიური მოტივითაც იყო განხორციელებული:

"აგრესიულად განწყობილი ადამიანები წარმოადგენენ ნეონაცისტური დაჯგუფებების „ბერგმანნის" და „ქართული ძალის" წევრებს. (რომლებიც დაახლოებით ერთი თვის წინ ასევე იყვნენ მოსულები გვიან ღამით, რა დროსაც კაფე დაკეტილი დახვდათ. შემდეგ მათ კაფის გვერდით არსებულ მაღაზიაში მყოფ გამყიდველს გამოელაპარაკნენ და კითხეს აქ „ისეთი" ხალხი თუ დადიოდა. სავარაუდოდ გულისხმობდნენ „ლგბტ ქვიარი"-ს წარმომადგენლებს.)".

როგორც აღინიშნა, თავდაპირველად პოლიცია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის უცნობი "წინასაგამოძიებო მოქმედებებით" შემოიფარგლა, თუმცა მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურებების შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ, ტრადიციისამებრ ცემის მუხლით (სსკ 125-ე მუხლი); გამოძიებას კვლავ არ გამოუყენებია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილი, მაშინ როდესაც სახეზეა სიძულვილის აშკარა მოტივი.

2016 წლის 26 მაისს გავრცელდა ქართველი ულტრანაციონალისტური მოძრაობის მარშის ვიდეო შავი ბანერებით და ცნობილი ფაშისტური ლოზუნგით "ქართველები საქართველოსთვის", რაც მიანიშნებს ამგვარი ჯგუფების გაძლიერებასა და მათგან მომდინარე აგრესიული ქმედებების საშიშროებაზე განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ", - წერია განცხადებაში.

როგორც პლატფორმაში შემავალი ორგანიზაციები იხსენებენ, "არა ფობიამ" შსს-ს ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში მიმართა და დისკრიმინაციისა და სიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოითხოვა.

"რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სამართალდამცავი ორგანოები დღემდე არ დაინტერესებულან მსგავსი სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით. 2015 წლის 21 სექტემბრის ვიდეოებში ასახულ კანონდარღვევებზე გამოძიება დაიწყო ცემის (სსკ 125) მუხლით და არ ყოფილა მითითებული სიძულვილის მოტივი. საბოლოოდ, ორი პირი დაკავებული იქნა რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, თუმცა უცნობია, დაეკისრათ თუ არა მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

პლატფორმა "არა ფობიამ", აგრესიულ ულტრანაციონალისტური ჯგუფებების შესახებ, შსს-ს 2016 წლის 31 მარტსაც მიმართა წერილობით "ანტისაიმიგრაციო, ანტიისლამისტურ მსვლელობასთან" დაკავშირებით, რომელიც 3 აპრილს იგეგმებოდა. პლატფორმამ შსს-ს მოსთხოვა უსაფრთხოების ზომების მიღება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოვლენის შემთხვევაში - შესაბამისი რეაგირება. ასევე, მოვითხოვეთ ინფორმაცია, რა შედეგებით დასრულდა 2015 წლის სექტემბერში რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი პირის დაკავება და მიმდინარე გამოძიება. აღნიშნულ წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია", - აღნიშნავს პლატფორმა განცხადებაში.

"არა ფობიას" კიდევ ერთხელ მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აგრესიული დაჯგუფებების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებებს სიძულვილი და შეუწყნარებლობა აქვს მოტივად.

"ასევე, ყოველ შესაბამის შემთხვევაში, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბრის N47 მითითების მიხედვით, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ. ზემოხსენებული ჯგუფისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, არსებითია, შსს-მ განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით", - წერია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მედიის განვითარების ფონდი, ლგბტ საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო და იდენტობა.

კომენტარები