ვიზალიბერალიზაცია

Die Welt: გერმანია უვიზო მიმოსვლას ქართველი კრიმინალების გამო უფრთხის

bundesfinanzministerium.de

საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი საფრთხეა, რასაც გერმანიის მთავრობა ქართველი კრიმინალებისგან მოელის - ამის შესახებ ინფორმაციას Die Welt ავრცელებს.  

გამოცემის ცნობით, ამ თემაზე გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბუნდესტაგში, დახურულ სხდომაზე ისაუბრა - მისი აზრით, გარდა იმისა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება, ქვეყანაში არსებულ მიგრანტთა კრიზისს გაამწვავებს, ქვეყანაში მომრავლდება ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებებიც. ამ მხრივ საყურადღებო, ბოლო წლებში გერმანიისთვის პრობლემატური ქართული დაჯგუფებებია.

სტატიის ავტორი ამბობს, რომ გერმანია და საფრანგეთი ე.წ. შეჩერების მექანიზმის შექმნას ემხრობიან, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საშუალებას მისცემს. გამოცემის ინფორმაციითვე, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიას საქართველოს, უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთისთვის „მწვანე შუქის“ ანთება დაუყოვნებლივ სურს, გერმანული მხარე თვლის, რომ ევროკავშირი მანამდე არ დათანხმდება მათთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას, ვიდრე ახალი  მექანიზმი არ ამოქმედდება.

როიტერის ცნობით, 1 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ. ევროკავშირის მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტის წევრები საქართველოს საკითხზე მსჯელობას შესაძლოა, მომავალ კვირას დაუბრუნდნენ - მანამ, სანამ უკრაინის უფრო მეტად კონტროვერსიალური საკითხის განხილვას დაიწყებენ.საკანონმდებლო ინიციატივა სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა უნდა განიხილოს, რომელიც ბოლო სესიას 4-7 ივლისს მართავს და მუშაობას სექტემბრის შუა რიცხვებში განაახლებს. პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდგომ, ინიციატივა უკვე ევროკავშირის საბჭომ უნდა განიხილოს.

კომენტარები