დაიცავი თავისუფლება

ახალციხის მერია დაიცავი თავისუფლებას კონცერტს არც თეატრთან ატარებინებს

ახალციხის მერიამ პლატფორმა დაიცავი თავისუფლებას ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ კონცერტის ჩატარებაზე უარი კიდევ ერთხელ უთხრა. ერთ-ერთ მიზეზად, "ღონისძიების გეგმის" არარსებობა დაასახელეს. გამოუვალი მდგომარეობის კონცერტი პლატფორმამ 8 ივნისს დააანონსა. მერიას კი, განცხადებით გუშინ მიმართა.

"თქვენი მიმდინარე წლის 06 ივნისის განცხადების პასუხად, რომლითაც ითხოვთ ქ. ახალციხეში მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ (თამარ მეფის ქ. №6) კონცერტის ჩატარებას, აღნიშნულ განცხადებას არ ახლავს ღონისძიების გეგმა. გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს მე-16 მუხლის ,,ო" ქვეპუნქტის და საქართველოს კანონი შეკრებებისა და
მანიფესტაციების შესახებ" მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე აღნიშნული გაფრთხილება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში შეტანილ უნდა იქნეს მის ჩატარებამდე არა უგვიანეს 5 დღისა, რაც თქვენს მიერ დაცული არ არის. გაფრთხილებაში არ არის მითითებული აღნიშნული კონცერტის მიზანი, მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა, მარწმუნებლის ვინაობა, გაფრთხილებას არ ერთვის რწმუნების დამადასტურებელი საბუთი და სხვა მონაცემები, რითაც დარღვეულია შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნა" - ნათქვამია ახალციხის მერიის წერილში.

ასევე, მერია განმარტავს, რომ 8 და 9 ივნისს მესხეთის სახელწიფო დრამატულ თეატრში დანიშნულია სპექტაკლები საღამოს 7 საათზე.

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე აღნიშნული
კონცერტი ხელს შეუშლის თეატრის ნორმალურ ფუნქციონირებას. გთხოვთ გაითვალისწინოთ ზემოთ მოყვანილი გარემოებები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ქმედება ჩაითვლება უკანონოდ" - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს ზაზა თამარაშვილი აწერს.

იურისტ თორნიკე უსტარაშვილის განმარტებით, ახალციხის მერიის გადაწყვეტილება უკანონო და ანტიკონსტიტუციურია. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის და შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, 5-დღიანი წინასწარი შეტყობინების ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ პლატფორმას - დაიცავი თავისუფლება - ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ უფასო კონცერტი არც რაბათის ციხეში ჩაატარებინა. ადმინისტრაციამ დაიცავი თავისუფლებას საიჯარო გადასახადად სტანდარტულზე 10-15-ჯერ მაღალი ფასი დაუწესა. პლატფორმა ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის კონცერტს 8 ივნისს, რაბათის ციხის ტერიტორიაზე გეგმავდა.

კომენტარები