რუსთავი 2-ის საქმე

ფოცხი, რომელზეც აბიჯებსთ

ზაზა ბიბილაშვილი
0 კომენტარი

რას ნიშნავს რუსთავი 2-ის პრეცედენტი ივანიშვილისთვის

რუსთავი 2-ის გარშემო ქიბარ ხალვაშისა და ქართული ოცნების ნარატივი ეფუძნება მითს, რომ თითქოს 2005 და 2006 წლებში ხელისუფლებამ აიძულა ხალვაში, რუსთავი 2-ის კეთილსინდისიერად შეძენილი წილები დაეთმო.

10 წელი ელოდა ქიბარ ხალვაში შურისძიებას, მოთმინებით აგროვებდა მტკიცებულებებს, ამზადებდა სამართლებრივ პლატფორმას „წართმეული ქონების“ დასაბრუნებლად... მაგრამ მაინც ისე მივიდა სასამართლომდე, რომ იძულების დამადასტურებელი არცერთი – ვიმეორებ, არცერთი – მტკიცებულება არ წარუდგენია. მარტივი მიზეზის გამო: ამგვარი მტკიცებულება ბუნებაში არ არსებობს. თორემ ხომ წარადგენდა?

გაგიკვირდებათ და, ხალვაშის მიმართ განხორციელებული იძულების აღმოჩენა ვერ შეძლო თვით ურთმელიძემ, რომელმაც სასამართლო გადაწყვეტილებაში ჩაწერა, რომ იძულების ფაქტი არ დადასტურდა. წერტილი.

ის, რომ ხალვაშის მიმართ იძულებას ადგილი არ ჰქონია, ასევე დაადასტურა ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა 2016 წლის 7 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ანუ, რომ შევაჯამოთ:

იძულება არ ყოფილა.

იძულება არ ყოფილა.

იძულება არ ყოფილა.

ეს ფაქტი შეგიძლიათ შეაგებოთ ყველას, ვინც ამიერიდან ახსენებს „იძულებას“ რუსთავი 2-თან და ხალვაშთან მიმართებით.

ისმის ლოგიკური კითხვა თუ იძულებას ადგილი არ ჰქონია, მაშ, რაღა რჩება „ქიბარ ხალვაშის“ სარჩელიდან?

ამ ეტაპზე, რუსთავი 2-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე საქმე ეფუძნება მხოლოდ ერთ არგუმენტს – იმას, რომ თურმე 10 წლის წინ ქიბარ ხალვაშს თავისი წილები „იაფად“ გაუყიდია. კარგად დაუკვირდით:

არა ძალდატანებით.

არც მოტყუებით.

არამედ თავისი ნებით, უბრალოდ „იაფად“. 

უფრო სწორად, იმაზე იაფად, ვიდრე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ ივანაშვილის (დიახ, ივანაშვილის) დასკვნის მიხედვით, წილების „საორიენტაციო“ ღირებულება იყო მათი გასხვისების დროს.

მერე რა, რომ ექსპერტიზის დასკვნა ელვისებური სისწრაფით, ერთ დღეში მომზადდა?

მერე რა, რომ ექსპერტს უნდა დაედგინა წილების „საბაზრო“ ღირებულება (რასაც მკაფიოდ გაწერილი წესები გააჩნია), მაგრამ, ამის ნაცვლად, ექსპერტმა წილების „საორიენტაციო“ ღირებულება დაადგინა?

მერე რა, რომ შეფასების საერთაშორისო სტანდარტებით, რომელსაც ექსპერტი თითქოს დაეყრდნო, არ არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა „საორიენტაციო ღირებულება“ და, შესაბამისად, არც მისი დადგენის წესი?

ალბათ არც იმის აქცენტირება ღირს, რომ ექსპერტის მიერ მოთხოვნილი 8 ტიპის ფინანსური დოკუმენტაციიდან ქიბარ ხალვაშმა ექსპერტს...

არ წარუდგინა არცერთი!

დიახ, არცერთი ფინანსური დოკუმენტი. ისეთებიც კი, რომელიც ხალვაშს მზა ფორმით გააჩნდა და რომელთა მიწოდებაც, მისივე წარმომადგენლის აღიარებით, უბრალოდ „მიზანშეუწონლად“ ჩათვალა (ალბათ, გასაგებია, რატომაც).

ნურც იმას ჩავთვლით საეჭვოდ, რომ ხალვაშს არც რუსთავი 2-ისთვის მიუმართავს საჭირო დოკუმენტების გამოსათხოვად და არც სასამართლოს წინაშე უშუამდგომლია, რათა ამ უკანასკნელს განჩინებით დაევალებინა რუსთავი 2-ისთვის დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ალბათ ისიც უმნიშვნელოა, რომ ექსპერტიზის დასკვნა მთლიანად ეფუძნება ხალვაშის პირადი კომპიუტერიდან ამობეჭდილ 2 გვერდს (ე.წ. საბალანსო ნაშთებს), რომელიც საერთოდ არ ფიგურირებს ექსპერტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალში.

ალბათ არც ის ეპიზოდი უნდა დავიხვიოთ ხელზე, როცა ხალვაშმა ექსპერტისთვის წარდგენილ ამ 2 გვერდზე რუსთავი 2-ის ფინანსური დირექტორის სტატუსით(!) ხელი მოაწერინა პირს, რომლის „კავშირი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან არ დასტურდება რაიმე გარემოებით“. მიკერძოებული რომ არ გეგონოთ, დავაკონკრეტებ, რომ ეს არის ციტატა ურთმელიძის 2015 წლის 17 სექტემბრის განჩინებიდან.

ნურც იმაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომ ამ ყალბი დოკუმენტის მომზადება-წარდგენის პროცესში აშკარად იკვეთება სისხლის სამართლის რამდენიმე დანაშაულის ნიშნები.

უბრალოდ, კარგად გავიაზროთ, რომ ერთადერთი „მტკიცებულება“, რომელზეც დგას რუსთავი 2-ის საქმე და, გარკვეულწილად, ქართული დემოკრატიის მომავალი – რომლის გარეშეც ეს საქმე ფორმალურადაც კი ვერ იარსებებდა – არის თავად მოსარჩელის მიერ შექმნილი 2 ფარატინა ფურცელი.

უფრო მარტივად – ხალვაში საკუთარ პრეტენზიას ამყარებს თავის მიერვე შექმნილი „მტკიცებულებით“, ხოლო სასამართლო ამას სარწმუნოდ მიიჩნევს.

კიდევ უფრო მარტივად და ხალხოსნურად – ამას ჰქვია, მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო.

ალბათ არც ისაა მაინცდამაინც საინტერესო, თუ რატომ არ ჩათვალა სასამართლომ რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მესაკუთრეები (რომლებმაც ტელეკომპანიის წილები 2011 და 2012 წლებში, სულ სხვა პირებისგან შეიძინეს) კეთილსინდისიერ შემძენებად?

რის საფუძველზე ჩამოართვა სასამართლომ ძმებ ყარამანიშვილებს და ტვ „საქართველოს“ კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი და, შესაბამისად, რუსთავი 2-ის წილები? მათი არაკეთილსინდისიერება ხომ არცერთი – ვიმეორებ, არცერთი! – მტკიცებულებით არ დასტურდება?

ამ ნაწილში ყველაფერი მხოლოდ ურთმელიძე-წულუკიანის „ნოვატორობას“ ეფუძნება.  ნოვატორობის არსი კი შემდეგშია:

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ბინაში, რომელიც იყიდეთ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

წარმოიდგინეთ, რომ ახლადშეძენილ ბინაში გადასვლის შემდეგ, ფართი კაპიტალურად გაარემონტეთ, მომიჯნავე ბინების შესყიდვისა და გაერთიანების შედეგად რამდენჯერმე გააფართოვეთ, თავიდან აღჭურვეთ და გაალამაზეთ – ისე, რომ ბინის ღირებულება ადრინდელთან შედარებით 20-ჯერ გაიზარდა.

წარმოიდგინეთ, რომ მრავალი წლის შემდეგ თქვენი სახლის ზღურბლს მოადგა უცნობი პირი და გითხრათ, რომ ბინა უნდა დაცალოთ, რადგან ოდესღაც – 10 წლის წინ – მან (ამ ბინის ყოფილმა მესაკუთრემ) სხვა პირს (ასევე ყოფილ მესაკუთრეს) ეს ბინა „იაფად“ მიჰყიდა, რაც დასტურდება მისივე ბლოკნოტში არსებული ჩანაწერით.

წარმოიდგინეთ, რომ ამ პირს ხელში სასამართლო გადაწყვეტილება უჭირავს.

აბსურდია?

უდავოდ.

დაუჯერებელი აბსურდია ნებისმიერი ობიექტური, საღად მოაზროვნე, კეთილსინდისიერი დამკვირვებლისთვის.

ამ აბსურდს ივანიშვილის „პატარა სოფელი“ ჰქვია, რომელიც აგერ უკვე მეოთხე წელია, „ევროპის გასაოცარ დემოკრატიას“ აშენებს.

ამ განუკითხაობის შემოქმედი კი ოლიგარქის მიერ (სინდისისგან) გათავისუფლებული სასამართლოა.

 

...მაგრამ მთავარი ამ საქმეში მაინც სულ სხვაა.

ის, რაც აშკარად გამორჩათ ქვეყნის არაოფიციალურ მმართველს და მისი დავალებების შემსრულებლებს:

რუსთავი 2-ის საქმის პრეცედენტული ხიბლი იმაშია, რომ ის შესაძლებელს ხდის ივანიშვილის მიერ არა მხოლოდ ბოლო 4, არამედ ბოლო 10 წლის მანძილზე ხელში ჩაგდებული ქონების ჩამორთმევას და კანონიერი მესაკუთრეებისთვის დაბრუნებას, ყოველგვარი დამატებითი საკანონმდებლო ბაზის შექმნის გარეშე.

აქ საუბარი არ არის იმ ქონებაზე, რომელიც ოლიგარქმა ხელში ჩაიგდო სახელმწიფოსგან 1 ლარად ან სიმბოლურ ფასად. ეგ სამართლის სხვა სფეროდანაა.

საუბარია მისი კომპანიების მიერ დადებული კერძო გარიგებების ბათილად ცნობაზე „ამორალურად დაბალი“ ფასის გამო. იმ კერძო გარიგებებისა, რომელთა ძალითაც ივანიშვილის კომპანიებმა სხვადასხვა ქონება შეიძინეს საბაზროზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად – ხშირად იმის წყალობით, რომ ეკონომიკის სამინისტროსა თუ სხვა სახელმწიფო უწყების მიერ ადმინისტრაციული ბერკეტების გამოყენების შედეგად, მესაკუთრეები იძულებული ხდებოდნენ თავიანთი ქონება იაფად გაეყიდათ.

ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, რამდენჯერ გადაყიდის ივანიშვილი ქონებას და ფორმალურად ვისზე გადააფორმებს მას.

კანონი ხომ ყველასათვის ერთია?

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

12 საათისთვის ხმა 16.5%-მა მისცა, რაც წინა არჩევნებთან შედარებით 0.15%-ით ნაკლებია

კომენტარები