დიდი და წმიდა კრება 2016

დიდი კრება შესაძლოა ჩავარდეს - 2 ეკლესია მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს

საერთომართლმადიდებლური კრება
Dasha Afanasieva / reuters

16-26 ივლისს დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი და წმიდა კრება შესაძლოა ჩავარდეს.

კრების მონაწილე 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან, რომლებმაც გადაწყვეტილებები საყოველთაო თანხმობით უნდა მიიღონ, რაც თითოეულ ეკლესიას ვეტოს უფლებას აძლევს, ამ დროისთვის მინიმუმ ორი - ანტიოქიისა და ბულგარეთის - უარს ამბობს მასში მონაწილეობაზე.

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 1 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, უარი თქვას "დიდ და წმიდა კრებაში" მონაწილეობაზე, თუ მსოფლიო პატრიარქი მას არ გადადებს. სინოდის სხდომის ოქმში რამდენიმე მიზეზს შორის აღნიშნულია, რომ ისტორიულ კრებაზე არწასვლის ერთ-ერთი მიზეზი, არის "აუცილებლობა იმ დიდი და უსაფუძვლო ფინანსური დანახარჯებისა, რაც მოუწევს ბულგარეთის მართლმადიდებელ ეკლესიას კრებაში მონაწილეობის შემთხვევაში".

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი ამბობს, რომ "ახლა საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ყოველმა ეკლესიამ უნდა გადაიხადოს €120 ათასი კრებაზე მონაწილეობისთვის, მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ფულის გარდა. მაგრამ არავის დაუსახელებია საბოლოო თანხა, ჩვენი შეფასებით, ბულგარეთის ეკლესიის მონაწილეობის დანახარჯმა კრებაზე შესაძლოა შეადგინოს სადღაც €250 ათასი".

ანტიოქიის საპატრიარქოს 6 ივნისის წმიდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებაც ანალოგიურია - თუმცა, აქ მთავარ მიზეზად დასახელებულია ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის წარმოქმნილი ტერიტორიული დავა [ვინ უნდა მწყემსოს ყატარი], რის გამოც, ამ ორ ეკლესიას თანაზიარება [ევქარისტიული კავშირი] გაწყვეტილი აქვს. ანტიოქიის საპატრიარქო მოითხოვს, ყატარის პრობლემა გადაწყდეს კრების ჩატარებამდე და არა მას მერე, როგორც ეს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში სურთ.

მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე კრებას აზრი ეკარგება, ამიტომ, რუსეთის ეკლესიაში გეგმავენ წმიდა სინოდის საგანგებო სხდომის მოწვევას.

წმიდა სინოდის საგანგებო სხდომა დანიშნა, ხვალ, 10 ივნისს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამაც, რომელზეც, ტაბულას წყაროების ცნობით, შესაძლოა ბულგარეთისა და ანტიოქიის საპატრიარქოებს მიბაძოს და კრებაზე არ წავიდეს.

კონსტანტინეპოლის ეკლესია უარს ამბობს კრების გადადებაზე და აცხადებს, რომ ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მოთხოვნა, გადაიხედოს უკვე დაგეგმილი კრების პროცესი, "სცდება ყოველგვარ ინსტიტუციონალურ საზღვარს".

კომენტარები