განათლების სამინისტრო

ენმ: რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში წამების კადრები აჩვენეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, დღეს რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეებს ძალადობის ამსახველი კადრები აჩვენეს. როგორც მამუკა ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულად ხდება ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. ენმ-ის განცხადებით, ერთი წლის წინ ფოთში მოწყობილ მსგავს ჩვენებაზე არანაირი რეაგირება არ მომხდარა, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ პროცესმა საჯარო სკოლებში გადაინაცვლა.

„სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი ქალაქ რუსთავში, მე-2 საჯარო სკოლაში. დღეს, ამ სკოლაში მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეებისათვის მოეწყო ფილმის ჩვენება, სადაც ძალიან მძიმე კადრები იყო წარდგენილი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მხრიდან, არაერთხელ იყო დაპირება, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდებოდა და მსგავსი ფაქტები იქნებოდა აღკვეთილი, სამწუხაროდ, ამ პროცესებმა გადაინაცვლა საჯარო სკოლებში, სადაც ამის უშუალო მონაწილეები ხდებიან მე-7, მე-8, მე-9 კლასელი მოსწავლეები. ეს ფაქტი ძალიან შემაშფოთებელია და მიზანმიმართულია, რომ მოხდეს ბავშვების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა. სახიფათოა, იქიდან გამომდინარე, რომ ხდება საზოგადოების დაყოფა - ეს არის მცდელობა საზოგადოების დაყოფის და დაპირისპირების, ამ პროცესებში საშინელებაა, რომ ჩართულები არიან და მცდელობაა ჩართვის, სკოლის მოსწავლეების და საშინელებაა ის, რომ ეს ყველაფერი ხელდასმულია ხელისუფლების მხრიდან, კონკრეტულად მთავრობის მხრიდან. ვფიქრობ, რომ ეს დროულად უნდა აღიკვეთოს. ვფიქრობ, რომ აუცილებლად, ძალიან მკაცრად უნდა მოეთხოვოთ პასუხი შესაბამისი უწყების ხელმძღვანელებს - რესურსცენტრის ხელმძღვანელს, სკოლის ხელმძღვანელს და უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფილმის ჩვენებაში იყვნენ ჩართული და მოიაზრებიან ორგანიზატორებად. ვფიქრობ, რომ აუცილებელია, ახლად დანიშნულმა მინისტრმა დროული რეაგირება მოახდინოს ამ საზარელ ფაქტზე და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას მსგავს მძიმე, ძალიან სახიფათო, ძალიან საშიშ ტენდენციას",- განაცხადა მამუკა ჩიქოვანმა.

ენმ-ის კიდევ ერთი წევრის მარიამ რამინაშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები ახალგაზრდებს აგრესიულად განაწყობს.

„მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის და შესაბამისი ადამიანების განმარტება. მათი, ვინც მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ღონისძიებაში და სასწავლო მასალად გამოიყენეს ძალადობის ამსახველი კადრები. ეს განაწყობს ახალგაზრდებს აგრესიულად და შეიძლება იყოს დაპირისპირების წინაპირობა",- აღნიშნა რამინაშვილმა.

განათლების სამინისტროში ტაბულას განუცხადეს, რომ მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა 19:00-ზე აუდიტორია 115-ის წევრებს ხვდება და ამ თემაზე განმარტებას სწორედ იქ გააკეთებს.

კომენტარები