ვანო მერაბიშვილის საქმე

ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა დაადგინა

ვანო მერაბიშვილი
ტაბულა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლო მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.
 
კერძოდ, საქმეზე "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 5.3 და 18 მუხლები. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დაბრკოლების ან შეუძლებლად გახდომის მიზნით პოლიტიკურად აქტიური პირის უფლებების შეზღუდვის ეჭვები ყოველთვის სერიოზულად უნდა იყოს აღქმული, ადამიანის უფლებათა დაცვასა და დემოკრატიის ფუნქციონირებას შორის პირდაპირი კავშირიდან გამომდინარე.
 
ამასთან, პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია.
 
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.
 
სტრასბურგის სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაარღვია მერაბიშვილის უფლება სასამართლომდე გათავისუფლებაზე. სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება დაესაბუთებინა მერაბიშვილის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა და განეხილა არასაპატიმრო წინასასამართლო შემაკავებელი ზომების გამოყენების შესაძლებლობა, როცა მოსარჩელის პატიმრობა დაადასტურა ზეპირად წარმოთქმული ერთი აბსტრაქტული ფრაზის საფუძველზე - „არ დაკმაყოფილდეს შუამდგომლობა წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ“.
 
სტრასბურგის სასამართლო ამბობს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის თავისუფლების აღკვეთის მიზანშეწონილობის განხილვის ამგვარი ზედაპირული მანერა, წარმოადგენს კონვენციის მე-5-ე მუხლის მე-3 ნაწილის განსაკუთრებით ფართო შეზღუდვას. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაირღვა კონვენციის მეხუთე მუხლის მესამე ნაწილი.
 
სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის შუამდგომლობა ადამიანის უფლებათა კონვენციის მეხუთე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებში, რაც ეხებოდა წინასწარი პატიმრობის შეფარდებას 2013 წლის 22 და 25 მაისს. კერძოდ, გადაწყვეტილების კანონიერებასა და საფუძვლებს.
 
მთლიანობაში, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ ფორმალური დარღვევა ვერ დაინახა მერაბიშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაში თავდაპირველად, განსხვავებით სექტემბრის გადაწყვეტილებისგან, როდესაც მისთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების საკითხი განიხილებოდა და როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ იყო საჭირო პატიმრობის გაგრძელება, ან რატომ არ შეიძლებოდა აღკვეთის სხვა - არასაპატიმრო ზომის გამოყენება წინასასამართლო პროცესში.
 

აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლოს 60-წლიანი ისტორიის მანძილზე მხოლოდ 7 საქმეზე აქვს დადგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მათ შორის, ერთ-ერთი საქმეა "ივანე მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ". მერაბიშვილი მესამე პოლიტიკოსია, ვის შემთხვევაშიც მე-18 მუხლის დარღვევა დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. ხოლო საქართველოს ისტორიაში, 18-ე მუხლის დარღვევის დადგენის პირველი შემთხვევაა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი უზრუნველყოფს იმას, რომ ხელისუფლებებმა ვერ შეძლონ შემზღუდავი ზომების (როგორიცაა დაკავება, ან სისხლის სამართლებრივი დევნა) გატარება, თუ ეს ზომები ემსახურება მიზანს, რომელიც არ არის კონვენციით გათვალისწინებული - მაგალითად, პოლიტიკურს. 

კომენტარები