ვანო მერაბიშვილის საქმე

Agenda.ge: ევროსასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობის კანცელარიას დაქვემდებარებული ვებგვერდი - Agenda.ge ეხმიანება. მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ევროსასამართლომ მერაბიშვილის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა და გადაწყვიტა, რომ მისი წინასწარი პატიმრობა ლეგალური იყო. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ თქვა - "არანაირი დარღვევა არ ყოფილა".

ამასთან, როგორც Agenda.ge წერს, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლებას ეხებოდა, შესაძლოა დარღვევა ყოფილიყო, რამდენადაც მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება დროის ძალიან მოკლე პერიოდში სიტყვიერად გამოაცხადა. სამთავრობო ვებგვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლოს მიერ მერაბიშვილის თავისუფლების შეზღუდვის ზედაპირულმა განხილვამ ამ უკანასკნელის უფლებები დაარღვია.

შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ერთხმად დაადგინა მერაბიშვილის უფლებების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოძიების მსვლელობის მანძილზე მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებაზე უარი იყო დაუსაბუთებელი. სასამართლომ ასევე პარალელი გაავლო ლუცენკოსა და ტიმოშენკოს საქმეებთან და დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინაწარი პატიმრობა უკანონო მიზნებს ისახავდა.

აღსანიშნავია, რომ agenda.ge არის არა ცალკე იურიდიული პირი, არამედ კანცელარიის სტრუქტურული ერთეული. დომეინების რეგისტრაციის ერთიან ბაზაში Registration.ge, www.agenda.ge დომეინი კანცელარიის სახელზეა რეგისტრირებული და განთავსებულია სამთავრობო სერვერზე. მითითებული საკონტაქტო ნომრები ემთხვევა კანცელარიის საკონტაქტო ნომრებს. 

"Agenda.ge არის ვებსაიტი მათთვის, ვისაც სურს უკეთ გაიცნოს საქართველო. პროექტი ინიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ", - ვკითხულობთ ვებსაიტის "ჩვენ შესახებ" სექციაში. 

კომენტარები