არჩევნები 2016

ბარამიძე: კანონმდებლობის მიზანია, აღარ განმეორდეს კორცხელის ინციდენტი

justice.gov.ge

იუსტიციის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, არჩევნების დღეს პოლიციელებს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნის და თანხმობის გარეშეც ექნებათ ყოფნის უფლება. მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ამ ცვლილების მიზეზი კორცხელის ინციდენტია.

„გამონაკლის შემთხვევაში, ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად. ასეთ დროს პოლიციას შეუძლია, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა თვითონ უბანში, ანუ არა შენობაში, მივიდეს და დაიცვას წესრიგი. ეს იმისათვის არის საჭირო, რომ დავიცვათ ბალანსი, ერთი მხრივ, არჩევნების ნორმალურად, ჩვეულებრივ ვითარებაში ჩატარების მოთხოვნასა და, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგის აღკვეთის საჭიროებას შორის. ნებისმიერ შემთხვევაში ამის გაკეთება არ შეიძლება, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც ეს სრულიად აუცილებელია, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ შენობაში. კანონმდებლობის მიზანი ნამდვილად არის ის, რომ მოხდეს თავიდან აცილება ისეთი ექსცესებისა, როგორსაც ადგილი ჰქონდა კორცხელში. ამის აღკვეთა აუცილებელია და ამგვარი რამ რომ არ უნდა განმეორდეს, ხოლო თუ გამეორდება, საკმარისი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამგვარ უკანონო ქმედებებში, რომელიც საფრთხეს უქმნის ქართულ დემოკრატიას", - განმარტა ბარამიძემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ კანონის ცვლილებას მნიშვნელობა არ ექნება იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება ძალადობის აღსაკვეთად.

„კორცხელის შემთხვევაშიც ვნახეთ, რომ პოლიცია რეალურად იქ მობილიზებული იყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვერ მოახერხა ძალადობის სათანადოდ ჯერ პრევენცია და შემდეგ აღკვეთა. ამიტომ, აქ მხოლოდ პოლიციის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნაზე არ არის საუბარი, მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური ნებაც არსებობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვნახავთ იმას, რაც უკვე ვნახეთ და ამ მხრივ, კანონის ცვლილება ბევრს არაფერს შეცვლის, იმიტომ რომ დღევანდელი კანონითაც კი არის საკმარისი გარანტიები იმისა, რომ არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარებას და, მით უმეტეს, ძალადობრივ ქმედებებს, საკადრისი და შესაბამისი პასუხი გაეცეს", -ამბობს ბენიძე.

საკანონმდებლო ინიციატივას ეწინააღმდეგება საპარლამენტო ფრაქცია „ფორუმელები". ისინი ფიქრობენ, რომ ხმის მიცემის დროს იქ არ უნდა იმყოფებოდნენ პოლიციელები და არჩევანის გაკეთება მშვიდ ვითარებეში უნდა იყოს შესაძლებელი. ხოლო თავისუფალი დემოკრატები მხარს უჭერენ კანონში ცვლილებას, მიზეზად კი კორცხელის მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილებას ასახელებენ.

კომენტარები