რუსთავი 2-ის საქმე

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რუსთავი 2-ის სარჩელზე სათათბიროდ გავიდა

0 კომენტარი
საკონსტიტუციო სასამართლო ფოტო: რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვა დამთავრდა. პლენუმი სათათბიროდ გავიდა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. კონკრეტულ დროს მხარეებს წინასწარ შეატყობინებენ.

საქმე ეხება უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და ამორალური გარიგების შესახებ მუხლების გაუქმებას. სხდომა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ ამორალურ გარიგებებთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის სარჩელს თავდაპირველად, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა, არსებითი განხილვა და დასკვნითი სიტყვების ნაწილი უკვე დასრულებული იყო და საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების ეტაპი უნდა დამდგარიყო. თუმცა კოლეგიის მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა. მერაბ ტურავას ამ შუამდგომლობის შესაძლებლობა 14 მაისს, დაჩქარებული რეჟიმით, საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ერთ-ერთი ცვლილების თანახმად აქვს. ცვლილებამ, რომლითაც მოსამართლე ტურავა სარგებლობს, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში კრიტიკა დაიმსახურაახალი კანონის მიხედვით, საკითხთა დიდი ნაწილი განსახილველად კოლეგიის მაგივრად პლენუმზე გავა, მათ შორის, მხოლოდ პლენუმმა უნდა განიხილოს ორგანული კანონების კონსტიტუციურობა. ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ ამ საკითხების განხილვის პლენუმისთვის გადაცემა უნდა განვიხილოთ გაზრდილი კვორუმის და გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიო უმრავლესობის გაზრდის ფონზე.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმის პლენუმზე გატანა შეუძლია კოლეგიის ნებისმიერ წევრს. ამასთან, მოსამართლეს ამის მოთხოვნა შეუძლია საქმის ყველა ეტაპზე, პლენუმს კი მოთხოვნაზე უარის თქმა შეუძლია მხოლოდ 9-დან 6 მოსამართლის მოტივირებული გადაწყვეტილებით. ვენეციის კომისიას მიაჩნია, რომ ორი მესამედის უმრავლესობის დაწესება გადაჭარბებულია და მოსამართლემ, შესაძლოა, მარტივად გამოიყენოს ბოროტად.

რუსთავი 2-ის სარჩელთან დაკავშირებით, სადავოდ არის გამხდარი "ამორალური გარიგების შესახებ" სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობა. ტელეკომპანია რუსთავი 2 მიიჩნევს, რომ ეს ნორმები არღვევს საკუთრების უფლებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები