აგვისტოს ომი

ხალილზადი: საქართველოს NATO-ში მიღებით, შესაძლოა, აგვისტოს ომი აგვერიდებინა

"შესაძლოა, საქართველო რომ NATO-ში მიგვეღო მანამდე, მაგალითად, ბუქარესტის სამიტზე, თავიდან აგვერიდებინა, რაც მერე მოხდა", - ეს ტაბულასთან ინტერვიუში გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ზალმაი ხალილზადმა, 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომზე საუბრისას, თქვა.

"ვფიქრობ, ჩვენი პოლიტიკა უნდა ყოფილიყო უფრო ძლიერი, რათა დავხმარებოდით საქართველოს, რომ თავი დაეცვა მისთვის მხარდაჭერის გაზრდის და NATO-ში გაწევრიანების დაჩქარების გზით", - განმარტა მან.

ხალილზადმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, რომ აგვისტოს ომის შემდეგ გატარებულმა პოლიტიკამ გაართულა მდგომარეობა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც უკრაინაა. მისი თქმით, დასავლეთის პოლიტიკა არც უკრაინის კრიზისის გამკლავებისასაა ისეთი ძლიერი, როგორიც საჭიროა.

ზალმაი ხალილზადი თბილისს CAMCA-ს საერთაშორისო კონფერენციაზე დასასწრებად ესტუმრა. მასთან ინტერვიუ ტაბულამ ჩაწერა, რომლის სრულ ვერსიასაც დღეს, 20 ივნისს, თეორემაში 22:15-ზე, მოისმენთ.

ზალმაი ხალილზადი ავღანური წარმოშობის ამერიკელი დიპლომატია. 2007-09 წლებში ხალილზადი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო გაეროში - რუსეთ-საქართველოს ომის დროს მისი პოზიციები გამორჩეულად მკაცრი იყო. ხალილზადმა გაეროს უშიშროების საბჭოს სწრაფად მოქმედებისა და რუსეთის ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდა.

"რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ დემოკრატიულად არჩეული მთავრობების სამხედრო გზით ჩამოგდების დრო აღარაა", - ამ სიტყვებით მიმართა ხალილზადმა გაეროში რუსეთის ელჩს ვიტალი ჩურკინს, უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

ხალილზადი გაერომდე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს ორ ქვეყანაში, ავღანეთსა და ერაყში, იცავდა. 

კომენტარები