საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ახალი ცვლილება შედის

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ახალი ცვლილება შედის. ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტია. ცვლილების თანახმად, ახალი მოსამართლის არჩევა შესაძლებელი გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღის. მოქმედი კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს სხვა მოსამართლის ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე ირჩევენ.

როგორც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ კანონპროექტშია აღნიშნული, "მე-16 მუხლის მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 3 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა. საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტი უფლებამოსილია დანიშნოს/აირჩიოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თუ მისი წინამორბედი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვა წინ უსწრებს პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს ნიშნავს/ირჩევს ახალარჩეული პრეზიდენტი ან პარლამენტი".

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, აღნიშნული ცვლილება ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა. "ვენეციის კომისიამ მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობის უწყვეტობის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ სასურველია, არ იყოს წყვეტა მოსამართლის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ახალი მოსამართლის დანიშვნამდე. მათი ამ რეკომენდაციის საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ თუ ხელისუფლების რომელიმე შტო დროულად არ დანიშნავს სასამართლოს წევრს, ხოლო ძველი წევრის ვადა შეწყდება, სასამართლოს ფუნქციონირებას შეიძლება, შეექმნას საფრთხე", - აღნიშნულია კანონპროექტში.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 30 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 წევრს, გიორგი პაპუაშვილს, კონსტანტინე ვარძელაშვილს, ქეთევან ერემაძესა და ოთარ სიჭინავას ეწურებათ უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა.

კომენტარები