რუსთავი 2-ის საქმე

გვარამია: სააპელაციომ კანონი დაარღვია და გადაწყვეტილება გამოგვიგზავნა

0 კომენტარი
ნიკა გვარამია ფოტო: რუსთავი 2

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანიის საქმის გადაწყვეტილება ფოსტით გაუგზავნა, მაშინ, როდესაც სასამართლოს ეს ეკრძალება და გადაწყვეტილება თავად მხარემ სასამართლოში მისვლის გზით უნდა ჩაიბაროს.

"კანონი ადგენს, რომ გადაწყვეტილების ჩაბარება მხარის ვალდებულებაა და გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა ის თავად უნდა მივიდეს და ჩაიბაროს გადაწყვეტილება, თან თვითონ უნდა გადაწყვიტოს, როდის მივა ამ შუალედში. ცხადია, ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ 30-ე დღეს მივიდოდით, ასევე ბოლომდე გამოვიყენებდით საკასაციო სასამართლოში ჩვენი გასაჩივრების ვადას. ამის მიუხედავად, დღეს სასამართლომ თვითონ გამოგვიგზავნა გადაწყვეტილება, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, დაიწერა 12 დღეში და შედგება 71 გვერდისგან", - ამბობს გვარამია. მისი თქმით, სრულიად შეუძლებელია 12 დღეში ამ მოცულობის გადაწყვეტილების ტექსტის დაწერა.

გვარამიას თქმით, რადგან სასამართლომ კანონი დაარღვია, რუსთავი 2-ის მხარე გადაწყვეტილების ნაადრევად ჩაბარებას არ აპირებს. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილების გადაგზავნის პრაქტიკა მხოლოდ სოციალურად დაუცველთა და პატიმართა მიმართ გამოიყენება.

"რეალურად, სასამართლოს მცდელობით, ჩვენ 18 დღე მოგვპარეს გასაჩივრებისთვის. ეს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მოპარული ვადაცაა. იმისთვის, რომ მან ვერ მოასწროს გადაწყვეტილების დადგენა 54-ე მუხლთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს და რომელიც ერთადერთია, რასაც ეყრდნობა სააპელაციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში. ჩვენ გადაწყვეტილება არ ჩავიბარეთ, იმიტომ, რომ ეს იყო უკანონო აქტი. მაგრამ ერთ-ერთ მხარეს ეს გადაწყვეტილება გადაეცა და აქედან ვფლობთ ინფორმაციას ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანი იყო გამოგზავნის ფორმაც - ფოსტის მუშაკებიც ჩაებნენ უკვე კამპანიაში და ლამის შტურმით სცადეს ჩვენი და ჩვენი ადვოკატების ოფისების აღება, რაც მათ არ გამოუვიდათ. ასევე შტურმით აღების მცდელობა ჰქონდათ სასამართლოს თანამშრომლებს, რაც ასევე არ გამოუვიდათ. ჩვენ არ ჩავიბარებთ დროზე ადრე ამ გადაწყვეტილებას. იმიტომ, რომ ეს უკანონო გადაწყვეტილებაა", - ამბობს გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იუსტიციის საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისგან დღის ბოლომდე ან ხვალ დილამდე განმარტებას მოითხოვს. "რას აკეთებს სააპელაციო სასამართლო, რა ქმედებებია ეს, საიდან იწყება ბოლობოლო ჩვენი საკასაციო საჩივრის ვადა, რატომ გამოგვეგზავნა ეს გადაწყვეტილება კანონის დარღვევით და რატომ გადაიხადა სასამართლომ ფული ფოსტის მომსახურებაში, როდესაც ეს მას არათუ არ ევალება, არამედ ეკრძალება", - ამბობს გვარამია.

ნიკა გვარამია ასევე მიმართავს მთავარ პროკურატურას, ამ დარღვევასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყოს.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოს პრეზიდენტსაც მიმართავს.

"მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, როგორც ჩვენი კონსტიტუციური უფლებების გარანტს - ძვირფასო გიორგი მარგველაშვილო, ჩვენ ამ ქვეყანაში დატოვებული ვართ კანონგარეშე. არათუ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოგვესპო, საერთოდ არანაირი უფლებები არ გვაქვს ამ ქვეყანაში. ველოდებით პასუხს თქვენგან, ვართ ამ ქვეყანაში თუ არ ვართ", - აღნიშნავს გვარამია.

გვარამია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსაც. "თუ თქვენი სინდისი არ გაქვთ გაცვლილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობაზე, რაც ძალიან ნათლად იკითხება ბოლოდროინდელ კანონპროექტებში. თქვენ მაღალი კვალიფიკაციის იურისტი ხართ და პასუხს მოვითხოვთ კითხვაზე, ვართ თუ არა ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები, გვაქვს თუ არა უფლებები, ვინ დაიცავს ამ უფლებებს და ბიძინა ივანიშვილი სადამდე აპირებს წასვლას", - თქვა გვარამიამ.

სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება 10 ივნისს გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომლის თანახმადაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 100% ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია პანორამას მიეკუთვნა.

გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძემ თავად აღნიშნა, რომ მხარე გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში არაუადრეს 20 დღისა უნდა გამოცხადებულიყო.

"განჩინება შეიძლება, გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე თუ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. დასაბუთებულ განჩინებას სასამართლო ჩაგაბარებთ",- გამოაცხადა ნატა ნაზღაიძემ პროცესზე.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები