ჯორჯიან უოეთერ ენდ ფაუერი

BGEO ჯგუფი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი გახდა

bgeo.com

ბიჯეო ჯგუფმა (BGEO Group) დღეს კომპანია GGU-ს 75%-იანი წილი შეიძინა, კომპანია აქამდე GGU-ს 25%-იან წილს ფლობდა, გარიგების შედეგად კი BGEO ჯგუფი GGU-ს 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. თავად GGU კი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელია. გარიგების ღირებულება 287 მილიონი ლარია. შესყიდვის შესახებ ინფორმაციას BGEO ჯგუფი ავრცელებს. 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყლით საქართველოს 1.4 მილიონ მოქალაქეს ამარაგებს, კომპანიის მთავარი აბონენტები არიან თბილისი, რუსთავი და მცხეთა. ამასთანავე ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ფლობს სამ ჰიდროელექტროსადგურს, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 143 მეგავატია. თბილისის წყალმომარაგების კომპანიის პრივატიზაცია 2008 წელს მოხდა, BGEO ჯგუფმა კი კომპანიის 25%-იანი წილი 47 მილიონ ლარად 2014 წელს შეიძინა. 2015 წლის მანძილზე კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, რის გამოც BGEO ჯგუფმა GGU-ს 100%-იანი წილის შესყიდვა გადაწყვიტა. 

BGEO Group-ის შემადგენლობა დღეიდან ასე გამოიყურება:

  • საქართველოს ბანკი
  • საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart
  • საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სამედიცინო კორპორაცია ევექსი)
  • სამშენებლო კომპანია ემ კვადრატი
  • კომპანია GGU
  • თელიანი ველი

GGU-ს ფინანსური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: (2015 წელი, ლარებში)

  • წყლის მიწოდება იურიდიული პირებზე - 74.4 მილიონი
  • წყლის მიწოდება ფიზიკურ პირებზე - 30.4 მილიონი 
  • ელექტროენერგიის გაყიდვა - 9.2 მილიონი
  • ფინანსური დახმარება - 3.2 მილიონი
  • სხვა შემოსავალი - 0.5 მილიონი
  • წმინდა მოგება - 12 მილიონი
  • აქტივები - 350 მილიონი

კომენტარები