ეროსი კიწმარიშვილის საქმე

რატომ არ სჯერა კიწმარიშვილის ძმას თვითმკვლელობის ვერსიის

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურა კიწმარიშვილი ტაბულას გადაცემა თეორემაში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც მას პროკურატურის ვერსიის - თვითმკვლელობის არ სჯერა და გამოძიების სისუსტესა და არაპროფესიონალურად ჩატარებულ ექსპერტიზაზე საუბრობს. 

"გამოძიება მოტივად ასახელებს ფინანსურ პრობლემებს და ფაქტობრივად მტკიცებულებაში ვიხილეთ მხოლოდ ის ნაწილი, სადაც ექსპერტიზის ერთ-ერთი დასკვნა არის გამოყენებული, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტომანქანის სალონშუ უცხო პირი ვერ იქნებოდა. ეს არის ორი არგუმენტი. პირველი არგუმენტი, ფინანსური პრობლემები, ჩემი აზრით არის ძალიან უსუსური. არავის სჯერა, რომ ეს შეიძლება გამხდარიყო ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის მიზეზი. რაც შეეხება მეორე, ავტომობილის არგუმენტს, ესეც ძალიან მყიფეა. საუბარია სისხლის გავრცელებაზეც", - ამბობს კიწმარიშვილი.

სისხლითან დაკავშირებულ ექსპერიმენტზე

"ეს ექსპერიმენტი ჩატარდა თვალის ერთი გადავლებით. ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად დამთავრდებოდა, რომ არა ჩვენი ჩარევა. ჩვენ, ჩვენი ჩართულობით ვაჩვენეთ ალტერნატიული ვერსიები იმ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც ამაში იღებდა მონაწილეობას. მონაწილეობას ირებდნენ ასევე ჩვენი ექსპერტებიც. საბოლოოდ, იმ ექსპერტებისგან მივიღეთ ასეთი არგუმენტი, რომ "საიდან ეცოდინებოდა მკვლელს ფიზიკა" - ასეთი უსუსური პასუხი, რომელიც ჩვენი ალტერნატიული ვარიანტების საპირწონედ შემოგვთავაზა ექსპერტიზამ, მაძლევს საფუძველს, ვისაუბრო იმაზე, რომ ეს ექსპერიმენტი ჩატარდა არაპროფესიონალურად და ამის შედეგი არანაირად არ უნდა იყოს გამოყენებული, რაიმე სახის მტკიცებით ფორმაში პროკურატურის მიერ", - თქვა კიწმარიშვილმა გადაცემაში "თეორემა".

დნმ-ის კვალზე 

"მტკიცებულება, რომელსაც ვერავინ უგულვებელჰყოფს, ეს არის იარაღის სასხლეტზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა. ეს ინფორმაცია გამოძიებისთვის იყო თავიდანვე ცნობილი. ამაზე გვქონდა ჩვენ ცხარე დისკუსიები, თუ ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო დნმ და რა ღონისძიებები უნდა გატარებულიყო, რომ გამორიცხვის მეთოდით მაინც მივსულიყავით, ვიღაც უცნობ, პოტენციურ დამნაშავეებზე. მართლაც, ასე იმოქმედა გამოძიებამ. ძალიან ბევრ ადამიანთან მოხდა მისი შედარება, მაგრამ მისი იდენტიფიკაცია მაინც ვერ მოხერხდა.

საბოლოოდ, გამოძიებამ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ასეთი ფორმულირება შემოგვთავაზა: "ალბათ, ეს იყო ვიღაც უცნობი პირის დნმ, რომელიც შეეხო ამ იარაღს, იმ დროს, როდესაც ის საზღვარზე გადმოვიდა საქართველოში". კონკრეტულად, ცნობილია ვინ უნდა შეხებოდა ამ იარაღს. ეს ადამიანები არის გარკვეული და ეს ადამიანები შემოწმებულებიც არიან. ხოლო, თუკი, იქ რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, პროცედურული ნორმების დარღვევა იყო თუ ვინმე არ უნდა შეხებოდა და შეეხო, ამასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს მსჯელობა. ყოველ შემთხვევაში, დაკითხული უნდა იყოს ის ხალხი, თუ როგორ შემოვიდა, რა პირობებში მოხდა ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გადატანა და როგორი პირობებით შევიდა ეს იარაღი მაღაზიაში.

ამის თაობაზე არაფერი არ ჩატარებულა, არ არის მსჯელობა და ანალიზი. და არის განცხადება, რომ ალბათ ვიღაც, სადღაც შეეხო. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება, რომელზე დაყრდნობითაც მე ძალიან რეალურ სურათს ვიძლევი, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობა, ეს იყო დანაშაულის ნიშნების შემცველი ვერსია, სადაც შესაძლოა მოქმედებდა რამდენიმე ადამიანი და იქ უცხო პირის დნმ-ის არსებობა მაფიქრებინებს, რომ გასროლა განხორციელებულია სხვა ადამიანის მიერ და არა ეროსის მიერ, რაც გამორიცხავს თვითმკვლელობას", - თქვა კიწმარიშვილმა გადაცემაში "თეორემა".

ფინანსურ მოტივზე

"ახლა, რაც შეეხება ფინანსურ მოტივს. ეროსის ოჯახს ჰქონდა გარკვეული ვალები. ეს იყო იპოთეკური სესხი, რომელიც ეროსის ჩადებული ჰქონდა გარკვეულ ბიზნესში, რომელსაც ის ახორციელებდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ის ამბობდა, რომ პოლიტიკური პროცესებისგან იყო დისტანცირებული მთელი ერთი წლის განმავლობაში. თავად არ იყო ისეთი ადამიანი, რომელიც დაჯდებოდა და კრიალოსანს ითამაშებდა და წიგნებს დაწერდა, ის ძალიან აქტიური იყო და ამიტომ აარჩია ეს ალტერნატივა.

ამ პერიოდში ის იყო ბიზნესით დაკავებული, ამისთვის საჭირო იყო გარკვეული ინვესტიციები და ამისთვის მან აიღო იპოთეკური სესხი, რომელსაც ეს ოჯახი თავისუფლად ფარავდა და დღესაც აგრძელებს ამას. არსებობს ეს დავალიანება, საბანკო და ამას არავინ უარყოფს. არსებობს კიდევ დავალიანება, რომელიც ადამიანთა გარკვეული ჯგუფისთვის იყო გადასაცემი. რომელსაც ჩემთან, პირად საუბარშიც ამბობდა, რომ მიუხედავად რაღაც-რაღაც მოსაზრებებისა, ის ამ ვალს აღიარებდა და არსებობდა რაღაც წყარო, საიდანაც ის ელოდებოდა თანხას და უნდა გადაეცა მისთვის.

თავისთავად, ეს ორი დავალიანება ჩემთვის მიუღებელია იმის არგუმენტად, რომ შესაძლებელია ამ ვალების პატრონს სხვა გამოსავალი ვეღარ ენახა და თავი მოეკლა, არავინ ახრჩობდა მას ამ ვალების გამო და ასეც რომ ყოფილიყო, ის მონახავდა საშუალებებს. მას ჰქონდა ქონება, მას ჰქონდა კაპიტალი, მას ჰქონდა რამდენიმე სახლი, ნახატების კოლექცია... მას ჰყავდა არაჩვეულებრივი მეგობრები რომლებიც მისი გულისთვის ძალიან ბევრ რამეს გააკეთებდნენ", - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა და აღნიშნა, რომ "არის უამრავი მაგალითი და ჩვენ ვაპირებთ, ეს უპასუხოდ დარჩენილი საკითხები ასე სიის სახით გავასაჯაროოთ და იქ იქნება ძალიან ბევრი დეტალი".

კომენტარები