Brexit

ქუმსიშვილი: ყველას ვთხოვ, მაშინ გადაახურდავოს ვალუტა, როცა ეს სჭირდება

facebook.com/economypr

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლარის გაუფასურებას დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგს უკავშირებს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მხოლოდ იმ შემთხვევაში ივაჭრონ ვალუტით, თუ ეს მათ ჭირდებათ.

„ეს არის ერთჯერადი გავლენები, რომელიც მოხდა ევროკაშირიდან ბრიტანეთის გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება. თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ და გაყიდონ ვალუტა, როცა ეს მათ ჭირდებათ. ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებებს არასწორ დროს იღებს - როგორც წესი, ისინი ყიდიან ან ყიდულობენ ვალუტას ყველაზე ცუდ კურსში. ძალიან მინდა, ყველას ვთხოვო, მაშინ გადაახურდავოს ვალუტა, როცა ეს მათ სჭირდებათ, ყველანაირი მოლოდინების გარეშე", - ამბობს დიმიტრი ქუმსიშვილი.

პარასკევს, 24 ივნისს, ლარი დოლართან მიმართებაში 5.1 თეთრით გაუფასურდა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2941 ლარი გახდა. გუშინვე ლარი ევროსთან მიმართებით 2.2 თეთრით, ბრიტანულ ფუნტთან მიმართებით კი მთელი 19.8 თეთრით გამყარდა. დიდი ბრიტანეთის რეფერენდუმის შემდეგ, გირვანქა სტერლინგი დოლართან მიმართებით 31 წლის მინიმუმზე გაუფასურდა. 

კომენტარები