დიდი და წმიდა კრება 2016

კრეტის კრება: ეკლესია არ ცდილობს გააკონტროლოს სამეცნიერო კვლევები

კრეტის კრება - 2016
holycouncil.org

კრეტაზე მართლმადიდებელთა ისტორიული კრება დასრულდა, რომელსაც, მოცემულ მომენტში, 10 მართლმადიდებელი ეკლესია "დიდ და წმიდა" კრებად მოიხსენიებს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს სავალდებულოდ აცხადებს ყველა ეკლესიისთვის, ხოლო 4 - რუსეთის, ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები განსხვავებულ პოზიციაზე დგანან.

კრებამ ექვსი დოკუმენტი და ორი წერილი მიიღო. ერთი, უფრო ვრცელი - ენციკლიკა და მეორე, შედარებით მცირე, გზავნილი. კრება გზავნილში ეკლესიასა და მეცნიერებასაც შეეხო:

"რაც შეეხება ქრისტიანული რწმენის დამოკიდებულებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან, მართლმადიდებელი ეკლესია თავს არიდებს გააკონტროლოს სამეცნიერო კვლევები და არ ცდილობს განსაჯოს თითოეული სამეცნიერო პრობლემა. ეკლესია მადლობს ღმერთს, რომელმაც უბოძა მეცნიერებს ნიჭი, შეიცნონ ღვთის ქმნილების შეუცონობელი ჰორიზონტები.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების თანამედროვე განვითარებამ მიგვიყვანა ჩვენი ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებამდე. მათ მოაქვთ მნიშვნელოვანი სარგებელი, ამსუბუქებენ ყოველდღიურ ცხოვრებებს, გვეხმარებიან მძიმე დაავადებების განკურნებაში, ამარტივებენ ადამიანებს შორის კომუნიკაციებს, გვეხმარებიან კოსმოსის შესწავლაში და ა.შ

მიუხედავად ამისა, მათ ასევე აქვთ გარკვეული ნეგატიური შედეგები, როგორიცაა თავისუფლებით მანიპულაცია, ძვირფასი ტრადიციების თანდათანობითი დაკარგვა, გარემოს განადგურება, და მორალური ღირებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. სამეცნიერო ცოდნა, როგორი სიჩქარითაც უნდა ვითარდებოდეს, არ სტიმულირებს ადამიანის ნებას და არ აძლევს მას პასუხებს სერიოზულ ეთიკურ და ცხოვრებისეულ კითხვებზე, არ ამსუბუქებს ცხოვრებისა და სამყაროს საზრისის ძიებას.

ამას სჭირდება სულიერი მიდგომა და ეკლესია ცდილობს შემოგვთავაზოს ის ქრისტიანულ ეთიკასა და წმიდა მამების სწავლებაზე დაფუძნებული ბიოეთიკის მეშვეობით. სამეცნიერო კვლევების თავისუფლების პატივისცემასთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესია ხაზს უსვამს ასევე იმ საშიშროებებს, რომელიც იმალება ზოგიერთ სამეცნიერო აღმოჩენაში, აქცენტს აკეთებს რა ადამიანის ღირსებაზე და მის ღვთიურ დანიშნულებაზე", - წერია კრების გზავნილში.

კომენტარები