Brexit

დევიდ კამერონი ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდება

AFP

დღეს, ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების ორდღიანი სამიტი იწყება. მისი მთავარი თემა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შედეგები იქნება. სამიტის პირველ დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერი დევიდ კამერონი დაესწრება, მეორე დღე კი, ბრიტანეთის გარეშე ჩაივლის.

იტალიის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერების თქმით, ამ ეტაპზე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესზე ფორმალური ან არაფორმალური მოლაპარაკებები არ იქნება.

გარდა ამისა, სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ევროკავშირის ახალი გლობალური სტრატეგიის შესახებ წინადადებებს მოისმენენ და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაზეც იმსჯელებენ. სამიტზე ასევე განიხილავენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სტრატეგიასა და საგარეო პოლიტიკას. უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის ახალი სტრატეგიის პრეზენტაციას ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი გამართავს.

დასავლური მედიის ცნობით, სტრატეგიაში საუბარია უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე ევროკავშირის წევრებს შორის, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც.

კომენტარები