სირიის კრიზისი

WP: ობამა რუსეთს სირიის საკითხზე სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს

"ობამა რუსეთს სირიასთან დაკავშირებით ახალ სამხედრო თანამშრომლობას სთავაზობს", - სტატიას ამ სახელწოდებით გამოცემა Washington Post ავრცელებს. შესაბამისი წინადადება ამერიკამ რუსეთს კვირების განმავლობაში მოლაპარაკებების შემდეგ ორშაბათს, 27 ივნისს გაუგზავნა.

როგორც სტატიაში წერია, შეთანხმების ამოქმედების შემთხვევაში, გაღრმავდება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ზოგიერთი ტერორისტის წინააღმდეგ იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთის ზეწოლით ასადის რეჟიმი შეწყვეტს ამერიკის მიერ მხარდაჭერილი აჯანყებულების დაბომბვას.

წინადადების თანახმად, აშშ რუსეთის საჰაერო ძალებს გაუზიარებს სამიზნეებს და ექნებათ კოორდინირებული გაფართოებული ავიადარტყმები ალ-ყაიდას სირიული ფრთის, ჯაბათ ალ-ნუსრას წინააღმდეგ, რომელიც სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლებას ებრძვის.

"წინადადების მიხედვით, რომელიც პირადად პრეზიდენტ ობამამ დაამტკიცა და რომელსაც, მხარი დაუჭირა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, ამერიკის და რუსეთის სამხედროები უპრეცედენტო დონეზე ითანამშრომლებენ, რასაც რუსეთი ცდილობდა დიდი ხნის მანძილზე. სანაცვლოდ, რუსეთმა ასადის რეჟიმს გარკვეული სირიელი აჯანყებულების, რომელთაც ამერიკა არ თვლის ტერორისტებად, დაბომბვა უნდა შეაწყვეტინოს. ამერიკა რუსეთს ამ ჯგუფების კონკრეტულ ლოკაციებს არ მისცემს, მაგრამ განუსაზღვრავს გეოგრაფიულ ზონებს, რომლებსაც ასადის რეჟიმის საჰაერო დარტყმები არ უნდა შეეხოს", - აღნიშნულია სტატიაში.

როგორც Washington Post-ის სტატიაში წერია, თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ამ გეგმის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა, საბოლოოდ იძულებული გახდა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას დაჰყოლოდა. სტატიის თანახმად, ბევრისთვის, ადმინისტრაციის შიგნით თუ გარეთ, რომლებიც იმედგაცრუებული არიან სირიის საკითხზე თეთრი სახლის გადაწყვეტილებებით, ახალი გეგმა ფატალური შეცდომაა რამდენიმე მიზეზის გამო.

"პირველი დიდი შეცდომა ისაა, რომ ნათელია, რუსეთი ასადის რეჟიმზე მძლავრ ზეწოლას არ აპირებს. და როდესაც რამდენიმე შემთხვევაში რუსეთმა ზეწოლა სცადა, მინიმალური შედეგი არ მიუღია“, - ამბობს სირიაში აშშ-ის ყოფილი ელჩი რობერტ ფორდი. მისივე თქმით, სადაზვერვო მონაცემები არ არის საკმარისი ჯაბათ ალ-ნუსრასა და სხვა აჯანყებული ჯგუფების სამიზნეების განსასაზღვრად. "ისინი ხშირად ერთმანეთთან ახლოს არიან და იმ შემთხვევაშიც, თუ შეთანხმდებიან, რომ არ დაბომბონ კონკრეტული ადგილები, შეუძლებელია, შეაჩერო ჯაბათ ალ-ნუსრასა და სხვა ჯგუფების გადაადგილება. გარდა ამისა, ჯაბათ ალ-ნუსრაზე შეტევის გაძლიერება გამოიწვევს ზიანს, მოქალაქეთა დაღუპვის ზრდის ჩათვლით, რაც მხოლოდ ხელს შეუწყობს დაჯგუფების მიმართ ადგილობრივი მხარდაჭერის ზრდას...გაუგებარია. ისინი თუ ცდილობენ სირიაში ალ-ყაიდას დაშლას, ნამდვილად ფიქრობენ, რომ საჰაერო თავდასხმებით ამას მოახერხებენ? F-16 არ ჭრის ექსტრემისტ ჯგუფებში რეკრუტირების პრობლემას", - ამბობს ფორდი.

ვაშინგტონის აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის წარმომადგენელი ენდრიუ ტაბლერი ფიქრობს, რომ რადგან ჯაბათ ალ-ნუსრას მებრძოლების დიდი ნაწილი ასადის რეჟიმს ებრძვის, თუ გეგმა წარმატებული გამოდგება, ასადი უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ამასობაში კი, სხვა სუნიტი არაბული ჯგუფები, რომლებიც ასადის რეჟიმს ებრძვიან, უფრო სუსტ მდგომარეობაში იქნებიან. მისივე თქმით, ეს სტრატეგია საშუალებას მისცემს ასადს, ხელში ჩაიგდოს ქალაქი ალეპო, რაც იქნება მისი დიდი გამარჯვება სამოქალაქო ომში.

ტაბლერისვე მოსაზრებით, "თუ ამერიკა და რუსეთი შეიკვრებიან ჯაბათ ალ-ნუსრას წინააღმდეგ, ეს შეცვლის დინამიკას ალეპოსა და იდლიბში, სარგებელს მოუტანს ასადის რეჟიმს, მაგრამ ამან შესაძლოა, სარგებელი მოუტანოს ქურთებსა და ისლამურ სახელმწიფოს“.

სტატიის ავტორი ფიქრობს, რომ რუსეთისთვის ეს არ არის შეთანხმება მხოლოდ სირიასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხედავს გაზრდილ სამხედრო თანამშრომლობას, როგორც რუსეთის მნიშვნელობის ზრდას, რაც თანდათან მის იზოლაციაში ყოფნას აქრობს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო. სწორედ ამიტომ იყო თავდაცვის მდივანი ეშტონ კარტერი ამ გეგმის წინააღმდეგი.

"თეთრი სახლისთვის პრიორიტეტი არა სირიის სამოქალაქო ომის დასრულება, არამედ ასადის გადაყენებაა. ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენლები აღიარებენ, რომ რუსეთი და ასადი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევენ. თუმცა, პოლიტიკური პროცესის გაუმჯობესებისთვის არაფერს აკეთებენ. თეთრ სახლს სურს, შენარჩუნდეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი რაც შეიძლება, დიდხანს, დარღვევების მიუხედავად. ასევე სურს პოლიტიკური პროცესის შენარჩუნება, მიუხედავად პროგრესის ნაკლებობისა.

ობამას ადმინისტრაცია ცდილობს, იპოვოს კრეატიული გზა დარჩენილი თვეების მანძილზე სირიასთან მიმართებით მისი პოლიტიკის გადარჩენისთვის. წინადადებას, რომელიც ობამამ პუტინს შესთავაზა, ექნება ფასი ამერიკის პოზიციის გამო რუსეთთან მიმართებით, სირიის კრიზისი კი მაშინაც იქნება, როდესაც ობამა თეთრ სახლს დატოვებს", - ნათქვამია Washington Post-ს სტატიაში.

კომენტარები