არჩევნები 2016

ენმ: წულუკიანი თავისი ბრძანებით ახალი ამომრჩევლის შექმნას ცდილობს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის 23 ივნისის ბრძანებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობის ორგანოებს უფლება ენიჭებათ, მოქალაქის განცხადების გარეშე, თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე გასცენ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ცნობა. აბესაძის შეფასებით, ეს ბრძანება საარჩევნო ხმებით მანიპულაციას ემსახურება, რადგან მოქმედი კანონმდებლობით ადამიანების საარჩევნო სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს 11 დღისა. საკრებულოს წევრი თქმით, ეს შესაძლოა იმის საფუძველი გახდეს, რომ არჩევნებამდე 11 დღით ადრე სიებში გაჩნდეს დიდი რაოდენობით ახალი ამომრჩეველი. საარჩევნო სუბიექტებს კი, ამ პროცესის ობიექტურობის გადასამოწმებლად საკმარისი დრო აღარ ექნებათ.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 23 ივნისს ანუ არჩევნების თარიღის დასახელებისთანავე წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოსცა ბრძანება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაამარტივა იმ ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი და ამ ადამიანების საარჩევნო სიაში ჩასმის საკითხი, რომელსაც აქამდე პირადობის მოწმობა და პასპორტი არ მიუღია. ასეთი არის ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ არალეგალურად და მათი აღრიცხვა აქამდე სრულყოფილად არ განხორციელებულა. კერძოდ, აქამდე მოქმედი წესის შესაბამისად, ადამიანს, რომელმაც 1991 წლამდე დატოვა საქართველოს ტერიტორია ან 1991 წლის შემდგომ, განცხადებით უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოსთვის, უნდა წარედგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც დაადასტურებდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენისთვის აუცილებელ ფაქტობრივ გარემოებებს და შემდგომ უნდა მისცემოდა მას საქართველოს მოქალქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ახლა, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიენიჭათ, მოქალაქის განცხადების გარეშე, თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე და თავად გამგეობის რწმუნებულის მიერ მოტანილი ინფორმაციის საფუძველზე გასცენ პირადობის მოწმობები ადამიანებზე, რომლებიც პროცესში საერთოდ არ მონაწილეობენ. მოქმედი კანონმდებლობით, ასეთი ადამიანების სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს არჩევნებამდე 11 დღისა ანუ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ასეულობით და ათასობით ახალი ამომრჩეველი არჩევნებამდე 11 დღით ადრე, როდესაც საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ძალიან ცოტა დრო გადასამოწმებლად, თუ რამდენად ობიექტურად განხორციელდა პროცესი, რომელშიც თავად დაინტერესებული პირი, ამომრჩეველი მონაწილეობას არ იღებდა და გამგეობამ გადაწყვიტა საკითხი მისი სიაში მოხვედრის შესახებ. ასე რომ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც იკვეთება ბევრი სამართლებრივი დარღვევაც, ასე რომ ყველა ხერხსა და გზას ჩვენი პოლიტიკური გუნდი გამოიყენებს იმისთვის. რომ ხელისუფლებას არ მიეცეს მოქალაქეებით მანიპულირების საშუალება", - თქვა ირაკლი აბესაძემ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თინა ბოკუჩავას განცხადებით კი, ქართული ოცნება თეა წულუკიანის მიერ დაკომპლექტებული 5-კაციანი კომისიების მეშვეობით, ცდილობს ახალი ამომრჩევლის შექმნას. მისივე თქმით, კომისიები დაკომპლექტებული იქნება თვითმმართველობის ქართული ოცნების მიმართ ლოიალური წარმომადგენლებით.

„ძალიან ნათელია, რომ თეა წულუკიანის ეს ბრძანება ემსახურება ერთადერთ მიზანს - ეს არის ახალი ამომრჩევლის შექმნა. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მიხვდა, რომ არსებული ამომრჩევლით მას 8 ოქტომბრის არჩევნები წაგებული აქვს და, შესაბამისად, ახლა უკვე წულუკიანის ხელით ცდილობს, შექმნას ახალი ამომრჩეველი იმისათვის, რომ წაგებული არჩევნების შედეგების მანიპულაცია ამ გზით რამენაირად მოახერხოს. საარჩევნო კანონმდებლობა მთლიანად საკუთარ თავზე მოირგო ქართულმა ოცნებამ, საარჩევნო ოლქები მიჭრეს-მოჭრეს, დაჩეხეს პირდაპირ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იმ მცდელობით, ასევე, რომ წაგებული არჩევნების შედეგების მანიპუალცია უკვე ამ გზით რამენირად შეეძლოთ. ახლა უკვე თეა წულუკიანის 5-კაციანი კომისიების მეშვეობით, რომლებიც იქმნება მთელი ქვეყნის მასშტაბით და დაკომპლექტებული იქნება მხოლოდ მათდამი ლოიალური ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში წერა-კითხვის უცოდინარი ხალხით, თავიანთი ახლობლებით და ნათესავებით ჰყავთ დაკომპლექტებული, შეძლებენ, რომ შექმნან სრულიად ახალი ამომრჩეველი", - თქვა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 23 ივნისის ბრძანებით, შეიქმნა პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია. კომისია ადგენს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტს და გასცემს შესაბამის ცნობას. საკითხის განხილვას კომისია იწყებს დაინტერესებული პირის განცხადების ან სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე. ცნობა გადაეცემა უშუალოდ დაინტერესებულ პირს ან მის წარმომადგენელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან დაინტერესებული პირის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე სააგენტოს უფლებამოსილ პირს, როდესაც ფაქტის დადგენის ინიციატორია სააგენტო.

კომენტარები