საერთაშორისო-გამჭვირვალობა-საქართველო

TI: საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილის დოკუმენტზე ხელმოწერა გაყალბებულია

ti

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ საჯარო მოხელეთა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი კანდიდატის საქმეში დოკუმენტების გაყალბების ფაქტი გამოიკვეთა. მათი ცნობით, ექსპერტიზამ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საბოლოო შეფასების ფორმაზე თბილისის მერის ყოფილი მოადგილის ხელმოწერა გაყალბებულად ცნო. ხელმოწერას ტექნიკური ექსპერტიზა საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადების საფუძველზე ჩაუტარდა. ორგანიზაცია შესაბამის ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2016 წლის 27 ივნისს დაასკვნა, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილის, ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერა გაყალბებულია. კერძოდ, დადგინდა, რომ ხელმოწერა გამჭოლ შუქზე ტექნიკური საშუალების გამოყენებით არის გადატანილი", - წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ის იცავს საჯარო მოხელეთა კონკურსებში მონაწილე პირთა უფლებებს, მათ შორის, ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრის წარმოებაშია თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებული კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული 14 საქმე.

„ყველა საქმეში, რომლის განხილვაც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასრულა, დადგინდა ქ. თბილისის მერიაში საჯარო მოხელეთა კონკურსის, განსაკუთრებით კი გასაუბრების ეტაპის, არაობიექტურად და გაუმჭვირვალედ მიმდინარეობა", - წერია საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს განცხადებაში და აღნიშნულია, რომ სამართალწარმოების პროცესში თბილისის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კანონით გათვალისწინებული პროცედურების უხეში დარღვევები გამოიკვეთა.

„მათ შორის, სხდომის ოქმებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის დაგვიანებული და ქაოტური წარმოება", - აცხადებს TI და ამატებს, რომ „ეჭვს იწვევდა ოფიციალურ დოკუმენტებზე შესრულებული ხელმოწერებისა და შეფასებების ავთენტურობა, რაც ერთ-ერთ საქმეზე ზემოხსენებული ექსპერტიზის ჩატარების შედეგად საბოლოოდ დადასტურდა".

საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს ცნობით, დოკუმენტი, რომელზეც ექსპერტიზამ ალუდა გოგლიჩიძის ხელმოწერის გაყალბება დაადგინა, მათი ორგანიზაციის ერთ-ერთი ბენეფიციარის შორენა კუხიანიძის საბოლოო შეფასების ფორმაა. შორენა კუხიანიძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის მერიაში 2014 წლის 1 დეკემბერს გამოცხადებულ კონკურსში, ტესტირების ეტაპზე 58 ქულა (მაქსიმალური ქულა - 60) დააგროვა, თუმცა გასაუბრების ეტაპის შემდეგ ის არცერთ ვაკანტურ თანამდებობაზე არ წარადგინეს.

„გარდა საბოლოო შეფასების ფორმისა, საქმეში ეჭვს იწვევს სხვა დოკუმენტების ავთენტურობაც. მაგალითად, შორენა კუხიანიძის ინდივიდუალური შეფასების რამდენიმე ფორმაზე, შემოხაზულია ქულები, რომელიც მანამდე წარმოდგენილ იმავე დოკუმენტების ასლებზე არ ფიქსირდებოდა. მერიის წერილობითი განმარტებით, აღნიშნული შეუსაბამობები გამოიწვია სამდივნოს მიერ კომისიის წევრების ფანქრით გაკეთებულ შეფასებებზე პასტის გადავლებამ, რაც, ცხადია, კანონმდებლობის მნიშვნელოვანი დარღვევაა. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე წარმოდგენილ ასლებში ფანქრით გაკეთებული შეფასება საერთოდ არ იკვეთება", - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველოს აზრით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დოკუმენტაციაზე გაკეთებული ხელმოწერების გაყალბება და ქულების თვითნებური შემოხაზვა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მსგავსი მანიპულაციები შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საბოლოო შედეგების შესაცვლელად და სასურველი კანდიდატისათვის მაღალი შეფასების მისანიჭებლად.

„მაგალითად, შორენა კუხიანიძეს ერთ-ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარსადგენად, მხოლოდ 0,02 ქულა დააკლდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ინდივიდუალური შეფასების ფორმებზე ნებისმიერ ქულის ცვლილებას საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება, ჰქონოდა". - წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და შეშფოთებას გამოთქვამს იმ დარღვევებთან დაკავშირებით, რაზეც ექსპერტიზის დასკვნა მიუთითებს.
„ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, დაიწყონ გამოძიება ქ. თბილისის მერიაში კონკურსის ჩატარებისას შედგენილი დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ ექსპერტიზის დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს საჯარო სამსახურში კონკურსების ჩატარების გაუმჭვირვალე და არაობიექტურ პრაქტიკას, ეჭვქვეშ აყენებს 2014 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგების ლეგიტიმურობას, რაც უარყოფითად აისახება საზოგადოების ნდობაზე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსების მიმართ.

კომენტარები