საქართველოს ეკონომიკა

2016 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში გაცემული ხელფასები 10%-ით შემცირდა

ტაბულა

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოში დასაქმებულებზე გაცემული შრომის ანაზღაურება 1.8 მილიარდი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით (200 მილიონი ლარით) ნაკლებია. აღნიშნული რიცხვი 2014 წლის მაჩვენებელსაც 72 მილიონი ლარით ჩამოუვარდება. ამავდროულად, გაურკვეველია, თუ რას ეფუძნება საქსტატის გათვლები, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასი 6.7%-ით გაიზარდა და 913 ლარი გახდა, რადგანაც მთლიანად სახელფასო ფონდი ამ პერიოდში 200 მილიონით იყო შემცირებული. 

შრომის ანაზღაურების სტატისტიკაში შედიან მხოლოდ ის პირები, ვინც ხელფასს კონტრაქტის საფუძველზე იღებენ (საჯარო და კერძო სექტორი ერთად). 2015 წლის დაზუსტებული მონაცემებით, ასეთი ქვეყანაში დაახლოებით 750 ათასი ადამიანია. 

ხელფასების მოცულობის კლება ფიქსირდება იმ ფონზე, როდესაც საქსტატის მონაცემებით დასაქმება მზარდია. 2015 წელს საქსტატის მონაცემებით რეკორდულად დაბალი 12%-იანი უმუშევრობა დაფიქსირდა, რაც დამატებით 35 ათასი სამუშაო ადგილის გაჩენამ გამოიწვია. ეს კი ნიშნავს, რომ 2016 წელს უფრო მეტმა დასაქმებულმა ხელფასის სახით აიღო საშუალოდ იმაზე ცოტა, რაც წინა წელს გაიცა ხელფასების სახით.

ამავდროულად, ბუნდოვანია საქსტატის გათვლები საშუალო ხელფასთან დაკავშირებით. 2016 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა საქსტატის მონაცემებით 913 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს - 855 ლარს, 57 ლარით აღემატება. გაურკვეველია, თუ რას ეფუძნება საქტსატის ეს მონაცემები, რადგანაც მთლიანად სახელფასო ფონდი ამ პერიოდში წინა წელთან შედარებით 200 მილიონი ლარით იყო შემცირებული.

კომენტარები