NASA

NASA-ს კოსმოსური ხომალდი JUNO იუპიტერის ორბიტაზე დაჯდა

NASA

NASA-ს კოსმოსური ხომალდი Juno იუპიტერის ორბიტაზე წარმატებით დაეშვა. მის მოგზაურობას დედამიწიდან იუპიტერამდე 5 წელი დასჭირდა.

მეცნიერები გეგმავენ, რომ კოსმოსური ხომალდი მზის სისტემის უდიდესი პლანეტის შესასწავლად გამოიყენონ. ისინი ფიქრობენ, რომ იუპიტერის სტრუქტურის შესწავლა მათ პასუხს აპოვნინებს იმაზე, თუ როგორ შეიქმნა სამყარო 4.5 მილიარდი წლის წინ.

"იუპიტერზე წყლის რაოდენობა გაგვცემს პასუხს იმაზე, თუ მზის სისტემის რომელ ნაწილში შეიქმნა ეს პლანეტა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იუპიტერი არ შექმნილა იქ, სადაც ის დღესაა და თუკი ის შექმნილია სხვაგან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრ რამეს შევიტყობთ მთლიანი მზის სისტემის შექმნის შესახებ", - თქვა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრმა კენდი ჰანსენმა.

Juno-ს მთავარი მისია კი, სწორედ იუპიტერის წარმოშობისა და ევოლუციის შესწავლაა. Juno გამოიკვლევს მყარი პლანეტარული ბირთვის არსებობის შესაძლებლობას, იუპიტერის მაგნიტურ ველს და დაადგენს წყლისა და ამიაკის რაოდენობას ატმოსფეროში.

NASA-ს ვარაუდით, Juno-ს კოსმოსური მისია 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

კომენტარები