ჯონ კერის ვიზიტი

ბაქრაძე: აშშ-ის მხარდაჭერა ჩვენი ხალხის დაცულობის საუკეთესო გარანტია

ტაბულა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შეხვდა. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობასა და ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე.

„შეხვედრაზე იყო ორი მთავარი თემა და ორივეს აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის. პირველი შეეხებოდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას, თანამშრომლობას სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების შემდგომი მხარდაჭერა არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის დაცულობის საუკეთესო გარანტი. მეორე თემა, რომელიც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გახლდათ ქვეყანაში დემოკრატია და მომავალი არჩევნები. ამ თვალსაზრისით მესიჯები ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან არის აბსოლუტურად ღია, მკაფიო და გასაგები, რომ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი არჩევნები. ეს გულისხმობს თავისუფალი მედიის არსებობას და ამ კონტექსტში, ძალიან დეტალური საუბარი იყო რუსთავი 2-სა და სხვა მედიაზე. საუბარი იყო ძალადობის დაგმობაზე და ხელისუფლების მხრიდან იმ ნაბიჯების დაუშვებლობაზე, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლებას. ასევე იმ გარემოსა და პრობლემებზე, რომელიც მაგალითად პოლიტიკურმა დევნამ და გამოუძიებელი ძალადობის ფაქტებმა შექმნა. ამიტომ ორივე მიმართულებით, სიგნალები ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან არის აბსოლუტურად მკაფიო. იმედი მაქვს ხელისუფლება ამ სიგნალებს შეისმენს და საკუთარი პარტიული ინტერესების, ბოღმის ან უპასუხისმგებლობის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ურთიერთობებს ჩვენს მთავარ პარტნიორთან და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს საქართველოს მომავალ განვითარებას“, - ამბობს ბაქრაძე.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დღეს თავისუფალ დემოკრატებსაც შეხვდა. ასევე, მოლაპარაკება გამართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან. ჯონ კერი უკრაინაში უკვე გაემგზავრა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იქიდან ვარშავაში ჩავა, სადაც NATO-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები