ჯონ კერის ვიზიტი

გაფრინდაშვილი: კერის ვიზიტი მძლავრი სიგნალია

ტაბულა

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილის პაატა გაფრინდაშვილის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის საქართველოში ჩამოსვლა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ხაზს უსვამს ამ ვიზიტის ძირითად მიზნებს. "რას უკავშირდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტი ვარშავის სამიტამდე და საპარლამენტო არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე და როგორ უნდა გავიგოთ მისი მთავარი გზავნილები თავისუფალი არჩევნებისა და მედიის თავისუფლების შესახებ?" - GRASS-ის დირექტორის მოდგილე ტაბულას შეკითხვებს პასუხობს. გაფრინდაშვილის შეფასებით, ამ ტიპის ვიზიტები ყოველთვის მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, როგორიც აშშ-ია.

"ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ დღემდე აშშ-ის წვლილი საქართველოში სხვადასხვა რეფორმის, ეკონომიკის და ა.შ. მხარდაჭერის მხრივ, 4,5$ მილიარდზე მეტია. თავისთავად, ეს ფაქტი ცხადყოფს, თუ რას წარმოადგენს აშშ საქართველოსთვის დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა. მოკლედ რომ ვთქვათ, კერის ვიზიტი მნიშვნელოვანია რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულებით - ევროატლანტიკური მიმართულება; თავდაცვისუნარიანობის ამაღლება; ტერორიზმთან ბრძოლაში მხარეების ძალების კოორდინაცია და ამ საქმეში ჩვენი მხარდაჭერის გაგრძელება; დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება; ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა", - ამბობს გაფრინდაშვილი.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ კერის ვიზიტი მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისა და NATO-ს სამიტის წინ, უკვე ხაზს უსვამს იმ მიზნებს, რაც ამ ვიზიტს აქვს საქართველოში.

"ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის გზაზე და ამასთან, ბუნებრივია, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი კერის არცთუ მთლად სახარბიელო მოწოდებები საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ცოტა შორიდან რომ მოვუაროთ, სახეზე ე.წ. ხელიდან გაშვებული შანსები გვაქვს. რბილად რომ ვთქვათ, ძალიან კარგი იქნებოდა, თუ დღეს კერი არ ისაუბრებდა წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლისა და დაშინებების თავისუფლების უზრუნველყოფის აუცილებლობაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, თუკი დღეს კერი არ ისაუბრებდა მედიის დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების საჭიროების საკითხებზე და პროგრესის არშეჩერებაზე. დიპლომატიურ გზავნილებშიც ძირითადი მესიჯი მაინც ცალსახად იკითხება. ეს კი გახლავთ ის, რომ საქართველო უნდა მიდიოდეს წინ მედიის დამოუკიდებლობის მიმართულებით და არ დგამდეს ნაბიჯებს უკან. ქვეყანაში უნდა ძლიერდებოდეს სასამართლოს დამოუკიდებლობა და არა - პირიქით", - ამბობს გაფრინდაშვილი.

GRASS-ის დირექტორის მოადგილის თქმითვე, კერის ვიზიტი და მისი კომენტარები არ არის იზოლირებული მოვლენა.

"სახელმწიფო მდივნის ამ კომენტარებსა და ამ პოზიციას წინ უძღოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფისის, ადმინისტრაციისა და ადგილზე აშშ-ის ელჩის არაერთი განცხადება და მოწოდება, რომ არ გადადგმულიყო ნაბიჯები, რაც, სამწუხაროდ, გადაიდგა მედიის თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით. არ გადადგმულიყო ნაბიჯები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშირებით, რაც ასევე გადაიდგა. ბუნებრივია, კერის დღევანდელი ვიზიტი მძლავრი სიგნალია, გამომდინარე მისი თანამდებობიდან, მაგრამ ეს გაგრძელებაა აშშ-ის იმ პოზიციისა, რომელიც მათ აქამდეც ჰქონდათ. როდესაც ხელიდან გაშვებულ შანსებზე გვაქვს საუბარი, მე ვისურვებდი, რომ დღეს საუბარი ყოფილიყო, მაგალითად, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიმართულებით და გვქონოდა რაიმე ხელჩასაჭიდი ამ კუთხით. ჩვენ გვახსოვს, თავის დროზე, ძალიან მძლავრი ბიძგი მიეცა ამ კუთხით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის დაწყებას, თუმცა შემდეგ რაიმე ნიშანდობლივი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. კიდევ ერთი, რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და რაც შეეხება საქართველოს ოკუპაციის თემას. საქართველოსა და ქართველი ხალხის სურვილი მუდამ ისაა, რომ ამერიკამ კიდევ უფრო მეტი გააკეთოს, რაც პრაქტიკულ გამოხატულებაში იმას ნიშნავს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება მოხდეს უფრო ადრე, ვიდრე გვიან და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ აშშ-ს თავის დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციისა და რუსული ჯარების გაყვანის თემა უფრო მაღალ პრიორიტეტად ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის ჩვენი მხრიდანაც კიდევ უფრო მეტი უნდა კეთდებოდეს. კიდევ უფრო მეტის გაკეთება არის ის, რომ კითხვის ნიშნებიც კი არ არსებობდეს არჩევნების დემოკრატიულ, გამჭვირვალე, ყოველგვარი ძალადობისა და ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით და, ზოგადად რომ ვთქვა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, კითხვის ნიშნები არსებობს და ეს ამ ვიზიტმაც დაადასტურა", - ამბობს გაფრინდაშვილი ტაბულასთან საუბარში.

კომენტარები