გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

ზაქარეიშვილი: ილუზიაა, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს გადმოგვცემენ

0 კომენტარი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის თქმით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გუშინ გალში ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის შეხვედრა შედგა. შეხვედრის ფარგლებში ქართულმა მხარემ გამოძიებას დამატებითი ინფორმაცია გადასცა. ზაქარეიშვილის თქმით, ამ ეტაპზე გამომძიება მიმდინარეობს და არავითარი ნიშანი იმისა, რომ ეს პროცესი შეჩერდეს და გადაიფაროს, არ არსებობს.

"პროცესი მიდის. აშკარაა, რომ გამოძიება მიმდინარეობს. გუშინ ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი, 4-საათიანი სასარგებლო შეხვედრა გალში და ქართულმა მხარემ ამ შეხვედრის ფარგლებში გადასცა დამატებითი ინფორმაცია, რაც გამოძიებას გამოადგება და ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ გამოძიების პროცესი მიმდინარეობს. არავითარი ნიშნები არ არსებობს იმისა, რომ გამოძიება შეჩერდეს, შეფერხდეს ან დაიფაროს", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე პირველი შემთხვევაა 25 წლის განმავლობაში, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული. მინისტრის თქმით, ქართული მხარე მოუწოდებს აფხაზურ მხარეს, რომ ბრალდებული გადმოეცეს საქართველოს, მაგრამ აფხაზური მხარისგან უარი მიიღეს.

"ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას მისჯილი აქვს საშინაო პატიმრობა. 25 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილია დაკავებული, ამიტომ ჩვენი მხრიდან, ბუნებრივია, არის მოწოდება, რომ მოხდეს გადმოცემა. მეორე მხრივ, მე, როგორც ამ საქმეში ჩახედულ ადამიანს, არ მაქვს ილუზიები და არც თქვენ არ მინდა გამოგკვებოთ დიდი ილუზიებით, რომ, თითქოსდა, ეს შეიძლება მოხდეს. ჩვენი მხრიდან იყო ეს წინადადება, მაგრამ, როგორც ჩემთვის მკაფიოდ ცნობილია, აფხაზური მხრიდანაც იყო პასუხი, რომ ეს გამორიცხულია და ისინი აპირებენ თვითონ განახორციელონ გამოძიება", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

ცნობისათვის, 2016 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორია რუსმა ე.წ. მესაზღვრემ სოფელ ხურჩაში მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული.

რაშიდ კანჯის ბრალი დე ფაქტო აფხაზეთმაც განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა, თუმცა დე ფაქტო სამხედრო სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა და მას მხოლოდ შინაპატიმრობა შეეფარდა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 33 წლის გახდებოდა

კომენტარები