გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ვინ არის ფეთულა გიულენი

AFP

ფეთულა გიულენი თურქეთიდან ამერიკაში, პენსილვანიის შტატში გახიზნული სასულიერო ლიდერია, რომელსაც ოფიციალური ანკარა გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას მშობლიურ ქვეყანაში ბევრი მიმდევარი ჰყავს, მათ შორის პოლიციასა და სასამართლო სისტემაში. ის მომხდარიდან მალევე დაადანაშაულა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა.

გიულენმა კი მომხდარი დღეს უმკაცრესად დაგმო და ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

"ადამიანისთვის, რომელმაც რამდენიმე სამხედრო გადატრიალება ნახა, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია, როდესაც ამის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებენ. კატეგორიულად უარვყოფ ამ ბრალდებას. უმკაცრესად ვგმობ მომხდარს. ხელისუფლებაში მოსვლა დასაშვებია არა ძალადობით, არამედ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით", - თქვა გიულენმა.

დღეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ს გიულენის ექსტრადირება მოსთხოვა. მანამდე კი სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ ექსტრადირების საკითხის განხილვა მაშინ დაიწყებოდა, როდესაც თურქეთი გიულენის დამნაშავეობის დამადასტურებელ მტკიცებულებას წარმოადგენდა.

დღეს ერდოღანმა გიულენთან სავარაუდო კავშირის მქონე 3000-მდე მოსამართლე და პროკურორი დაითხოვა.

თურქული, კერძო მედიის ინფორმაციით, 75 წლის გიულენი ერთ დროს ერდოღანის ახლო მოკავშირე იყო. მათ შორის ურთიერთობა კი მას შემდეგ "გაცივდა", რაც ერდოღანმა გიულენის მოძრაობა "ჰიზმეთის" ძლიერი გავლენა აღმოაჩინა თურქულ საზოგადოებაზე, მედიის, პოლიციისა და სასამართლო სისტემის ჩათვლით. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა გიულენმა ამერიკაში წასვლა.

თურქული მედიის ცნობით, 2013 წელს გიულენთან დაახლოებულმა მოსამართლეებმა კორუფციის ბრალდებით ერდოღანის შიდა წრის წარმომადგენლებს პატიმრობა შეუფარდეს. საპასუხოდ, ერდოღანმა დაიწყო არმიის "გაწმენდა", დახურა "ჰიზმეთის" სკოლები, გაათავისუფლა ასობით პოლიციელი, ასევე დახურა გაზეთები, რომლებზეც ფიქრობდა, რომ გიულენის მიმართ სიმპათიით იყვნენ განწყობილი.

თურქეთის ხელისუფლებამ გიულენს ბრალი დასდო, რომ ის ცდილობდა, "სახელმწიფოში სახელმწიფო" შეექმნა, თუმცა, ჰიზმეთის წარმომადგენლების თქმით, გიულენს მხოლოდ დემოკრატიული რეფორმები და რელიგიათშორისი დიალოგი სურდა.

"40 წელზე მეტია, ფეთულა გიულენი და "ჰიზმეთის" მონაწილეები მუშაობენ მშვიდობისა და დემოკრატიისთვის. ჩვენ ვგმობთ სამხედრო ინტერვენციას შიდა პოლიტიკაში", - ამბობენ მოძრაობის წარმომადგენლები. მათ გიულენის მიმართ ბრალდებებს "უაღრესად უპასუხისმგებლო" უწოდეს.

სიტყვა "ჰიზმეთი" მომსახურებას ნიშნავს. მათ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, მოძრაობას, ისლამურ სწავლებაზე დაყრდნობით, ხალხს შორის ჰარმონია მოაქვს. თუმცა, აქ არ იგულისხმება რელიგიური მომსახურება - როგორც აღწერაში უწერიათ, ისინი მუშაობენ განათლების, ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის ინტერკულტურული და რელიგიათშორისი დიალოგის მიმართულებით.

კომენტარები