ბევრი იცით მუსიკის ისტორიაში ჯგუფი, რომლის წევრებსაც თითქმის ყველა კონცერტზე მისული მსმენელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აფურთხებდა, საჭმლის ნარჩენებს, ფეხსაცმელებს და ჯერ კიდევ ბოლომდე დაუცლელ ლუდის ბოთლებს ესროდა და არცთუ იშვიათად სასტიკად სცემდა კიდეც? ან ბევრი ჯგუფი იცით, რომლის ვოკალისტიც სცენაზე გამძვინვარებული პუბლიკისგან თავდასაცავად ველოსიპედის ჯაჭვით შეიარაღებული გადიოდა და რომლის მთელი მუსიკაც მხოლოდ ერთ და ისიც გატეხილ სინთეზატორზე სრულდებოდა? და თუ საკუთარ შემოქმედებაზე ამ ჯგუფის მიერ მოხდენილ უდიდეს გავლენას აღნიშნავდნენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მუსიკოსები, დაწყებული ლეგენდებით – იენ კერტისი (Joy Division), ნიკ ქეივი, ტომ იორკი (Radiohead), მაიკლ ჯირა (Swans), მარტინ გოური (Depeche Mode), ენდრიუ ელდრიჩი (Sisters of Mercy), მარკ ალმონდი, ტრენტ რეზნორი (Nine Inch Nails), სიუქსი სიუ (Siouxsie and The Banshees), ჰენრი როლინსი, ჯარვის კოკერი (Pulp), ბრიუს სფრინგსთინი, მაიკლ სტაიპი (R.E.M.) და დამთავრებული შედარებით ახალბედა MGMT-ით, The Kills-ით და She Wants Revenge-ით? დამეთანხმებით ალბათ, დამაინტრიგებელი დასაწყისია…

ჩვენთან და არა მარტო ჩვენთან რატომღაც გავრცელებულია მოსაზრება, რომ სინთ-პოპი სუფთა ბრიტანული მოვლენაა. როდესაც აღნიშნული ჟანრის ფუძემდებლებზე საუბრობენ, დასახელებულ კოლექტივებს შორის აუცილებლად არიან Depeche Mode, Soft Cell, Pet Shop Boys, Yazoo, Frankie Goes To Hollywood – ჯგუფები, რომლებმაც 80-იანი წლების დასაწყისში პოპ-მუსიკაში ახალი ესთეტიკა დაამკვიდრეს, მაგრამ იშვიათად თუ იცის ვინმემ, რომ სინამდვილეში ამ მუსიკალურ მიმდინარეობას ჯერ კიდევ 1969 წლის ზაფხულში ჩაეყარა საფუძველი, როდესაც ნიუ იორკში ერთმანეთს შეხვდნენ ავანგარდისტი სკულპტორი ბორუჩ ალან ბერმოვიცი (შემდგომში ალან ვეგა) და ჯაზის მუსიკოსი რევერენდ ბ. მარტინ რევერბი (შემდგომში მარტინ რევი).

უსახლკარო ქურდი ნარკომანი – 31 წლის ალან ვეგას დახასიათებისას თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ სამი სიტყვის ნებისმიერი კომბინაცია. ჩვენი ისტორიის დასაწყისისთვის მის საცხოვრებელ ადგილს ნიუ იორკის მერიის მიერ მასსავით უსახლკარო მხატვრების კომუნისთვის გამოყოფილი საგამოფენო დარბაზი წარმოადგენდა. სწორედ იქ ქმნიდა ალანი საკუთარ სკულპტურულ შედევრებს – ქუჩაში ნაპოვნი ნაგვისგან და მშენებლობებიდან მოპარული ნეონის მილებისგან დამზადებულ ჯვარცმებს. ერთ მშვენიერ დღეს კი, იქვე ჩატარებულ ავანგარდული ჯაზბენდის კონცერტზე, მარტინ რევი გაიცნო.

1970 წლის შემოდგომაზე ნიუ იორკში ხელნაწერი სარეკლამო ფლაერები გამოჩნდა. წარწერა იუწყებოდა: „პანკ მუსიკა ყოველ პარასკევ საღამოს Suicide-ისგან“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საკუთარი მუსიკის დასახასიათებლად გამოყენებული იქნა სიტყვა „პანკი“. შეგახსენებთ, პირველი ოფიციალური პანკ-ჯგუფის, ამერიკული Ramones-ის სადებიუტო კონცერტამდე ოთხი წელია დარჩენილი, ჟურნალ Punk Magazine-ის გამოცემამდე და ბრიტანული პანკის პიონერების – Damned-ის და Sex Pistols-ის შექმნამდე კი ერთით მეტი.

როგორც ალბათ უკვე მიხვდით, Suicide ალან ვეგას და მარტინ რევის მიერ ჩამოყალიბებულ დუეტს ერქვა, რომლებმაც რატომღაც გადაწყვიტეს, რომ მუსიკის შესაქმნელად არ სჭირდებოდათ არც გიტარა, არც ბასი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც დასარტყამი ინსტრუმენტები. ყველაფერი ეს სათამაშო რიტმ-მანქანამ და გაფუჭებულმა სინთეზატორმა შეცვალა. რატომ გაფუჭებულმა? უბრალოდ მარტინს მისი შესაკეთებელი ფული არ ჰქონდა. სახელწოდებაც მარტივად შეირჩა. „ჯგუფისთვის Life რომ დამერქმია, მის კონცერტზე უბრალოდ არავინ მოვიდოდა“, – ამბობდა ალან ვეგა.

Farfisa-ს ფირმის ელექტროორღანზე დაკრულ მონოტონურ, ერთაკორდიან კომპოზიციებს და ალან ვეგას რევერბერატორში გატარებულ ვოკალს აღშფოთებაში მოჰყავდა როკ-ბენდისთვის ტრადიციულ ინსტრუმენტებზე შესრულებულ მუსიკას შეჩვეული მსმენელი. ევროპაში ელვის კოსტელოსთან და The Clash-თან ერთობლივი ტურნეს დროს, კონცერტზე დამსწრე საზოგადოებამ Suicide-ს ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყო. მოგლეჯილ სკამებთან ერთად დარბაზიდან მუსიკოსების მიმართულებით დანებიც კი მიფრინავდა. ტორონტოში კი სცენაზე მიტოვებული სინთეზატორისთვის ლუდის ბოთლების სროლა ჯგუფის გამოსვლის დამთავრებიდან 15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სწორედ ერთ-ერთი ასეთი მასების ამბოხის შემდეგ გაჩნდა ხუმრობა, რომ მთელ სამყაროში ჭეშმარიტი პანკები მხოლოდ ვეგა და რევი იყვნენ, რადგან თვით პანკებსაც კი სძულდათ ისინი. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავის მხრივ არც Suicide-ის წევრები გამოირჩეოდნენ სანიმუშო ყოფაქცევით. ერთ-ერთი კონცერტის დროს ალან ვეგა დარბაზის დატოვების მსურველს ველოსიპედის ჯაჭვით გამოეკიდა და ძალით დააბრუნა ადგილზე, მეორე მსმენელის ხელზე ანთებული სიგარეტი ჩააქრო, მესამეს სცენიდან ნაჯახი ესროლა.

Suicide-ის კონცერტების სარეკლამო ფლაერები 1970-72 წწ.

პროვოკაციული იყო ყველაფერი, დაწყებული მუსიკიდან, დამთავრებული გარეგნული იერით. რიტმ-ბოქსისთვის მიცემულ ძალზედ სწრაფ ტემპზე რევის უნიკალური ჟღერადობის მქონე სინთეზატორით გამოცემული მინიმალისტური, ქაოტური და ხშირ შემთხვევაში არამელოდიური ხმები იდებოდა, ვეგა კი ექო-ეფექტიან მიკროფონში უკვე ასაკში შესული ელვის პრესლის ბარიტონით ხან მღეროდა, ხან ჩურჩულებდა და ხანაც გაჰყვიროდა დეპრესიით, მელანქოლიით და შავი იუმორით სავსე ტექსტებს. შესაბამისად არაადეკვატური იყო სასცენო იმიჯიც. ვეგა – წითელი ლენტით შეკრული თმებით, ნაირფერი პერანგებით, ველური დასავლეთის პრერიებში დაღუპული პიონერის გვამისთვის გახდილი ფოჩებიანი ტყავის ქურთუკით და უსაშველოდ ფართო ბრჭყვიალა შარვლით, რევი – ანჯელა დევისის ვარცხნილობით და რამდენიმე ზომით დიდი მზის სათვალით.

დღეს 1977 წელს გამოშვებული Suicide-ის სადებიუტო, ამავე სახელწოდების ალბომის მოსმენისას ხვდები, რომ არა ეს დუეტი, რომლის წევრებმაც იდეური მოსაზრებებით თუ საჭირო უნარ-ჩვევების არქონის გამო, უარი თქვეს კომერციულ წარმატებაზე და მხოლოდ კოლეგების, კრიტიკოსების და სნობიზმით შეპყრობილი მელომანების ვიწრო წრეში ფართოდ ცნობილი ჯგუფის სტატუსით დაკმაყოფილდნენ, არავინ იცის რა მიმართულებით განვითარდებოდა თანამედროვე პოპ-მუსიკა. ითვლება, რომ ეს არის პირველი სინთ-პოპ ან, თუ გნებავთ, სინთ-პანკ ალბომი მუსიკის ისტორიაში.

Ghost Rider, Girl, Cheree, Rocket USA, თითოეული ეს სიმღერა ჟანრის ნამდვილი შედევრია. თუმცა ალბომის მთავარი კომპოზიცია მაინც Frankie Teardrop-ია, ათწუთიანი ურბანული საგა ახალგაზრდაზე, რომელმაც მოკლა ცოლი და ახალშობილი ბავშვი იმის გამო, რომ არ ჰქონდა ფული მათ გამოსაკვებად. მარტინ რევის მიერ დახატულ მონოტონურ ინდუსტრიულ აუდიოპეიზაჟში შემოჭრილი ვეგას რეჩიტატივი და ისტერიული კივილი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. მაგრამ მთელი ეს ემოციები, როგორც ჩანს, არასწორი მიმართულებით იხარჯებოდა – ალბომი არ გაიყიდა.

კომერციული წარუმატებლობის მიუხედავად, ან შეიძლება სწორედ ამის გამო, Suicide-მა ისეთი საკულტო ფიგურების ყურადღება მიიპყრო, როგორიცაა რაინერ ვერნერ ფასბინდერი, რომელმაც 1978 წელს მიიწვია ისინი საკუთარი ფილმის – In einem Jahr mit 13 Monden – საუნდტრეკის შესაქმნელად, და ნიკ ზედი. ამ უკანასკნელის კინოსურათში They Eat Scum, ვეგას და რევის შესრულებული Girl-ის ნაწყვეტი ჟღერს.

სადებიუტო ალბომის ჩავარდნის შემდეგ, ვეგამ და რევმა გადაწყვიტეს ბედი ევროპის კონტინენტზე ეცადათ. ეს თამამი მცდელობა დოკუმენტირებულია ბრიტანეთში გამოშვებულ საკონცერტო ბუტლეგზე 23 Minutes Over Brussels, რომელზედაც Frankie Teardrop-ის შესრულებისას ამტყდარ ხმაურში შეგვიძლია მოვისმინოთ ალან ვეგას განწირული ყვირილი „Shut the fuck up, this is about Frankie!“, რასაც მოსდევს სტვენა, ჩხუბის ხმები და ბოლოს ძალზედ გაბრაზებული მსმენელის მიერ ვეგასთვის წართმეულ მიკროფონში დაუფარავად გამოთქმული აზრი ჯგუფის და მთელი მისი შემოქმედების შესახებ. ანალოგიური წარმატება ხვდა წილად ჯგუფ The Cars-თან ერთად 1979 წელს სამშობლოში ჩატარებულ კონცერტებსაც. ლოს-ანჯელესში გამოსვლის დროს დარბაზში ვეგას მიერ ინიცირებული შეტაკება დაიწყო და ტურნეს ორგანიზატორებმა, The Cars-ის ფრონტმენის რიკ ოკაზეკის პროტესტის მიუხედავად, Suicide მშვიდად და აუღელვებლად გააგდეს სცენიდან.

ალან ვეგა

როგორც ჩანს, ოკაზეკი ჯგუფის ნამდვილი ფანი იყო. ჩაშლილი ტურნეს მიუხედავად, მისი პროდიუსერობით იმავე წელს ჯერ სინგლი Dream Baby Dream, მომდევნო წელს კი Suicide-ის რიგით მეორე და კვლავ იმავე სახელწოდების ალბომი გამოდის. დუეტის სიმღერები ამჯერად უფრო მელოდიურია. რევის სინთეზატორი ნაკლებად აგრესიულად ჟღერს, ვეგა კი მაქსიმალურად იკავებს თავს ექსტრემისტული გამოხტომებისგან. მუსიკოსები და მათი პროდიუსერი ალბათ იმედოვნებდნენ, რომ საუნდის ცვლილების წყალობით, ზემოთ ნახსენებ სინგლს და ახალ ალბომში შესულ კომპოზიციებს – Sweetheart, Shadazz, Touch Me – ჯგუფისთვის კომერციული წარმატება თუ არა, მინიმუმ აგრესიულად განწყობილი მსმენელის კეთილგანწყობა მაინც უნდა მოეტანა. მაგრამ მათ ამჯერადაც გაუსწრეს დროს. Suicide-ის მუსიკა კვლავ მხოლოდ ერთეულებისთვის იყო გასაგები.

გავა რამდენიმე წელი და მუსიკაში სინთ-პოპის ეპოქა დაიწყება. Soft Cell, Depeche Mode, Pet Shop Boys ჰიტ-პარადებს დაიპყრობენ და მილიონებს იშოვიან. ამ დროისთვის Suicide უკვე დაშლილია. ალან ვეგა სოლო ალბომებს წერს, რომლებსაც აღარაფერი აქვს საერთო Suicide-ის შემოქმედებასთან. მარტინ რევი ფაქტობრივად დაკარგულია. პირველი ალბომის 10 წლის იუბილეზე დუეტი ისევ იკრიბება, პატარა ტურნეს ატარებს და რიგით მესამე ალბომს წერს სიმბოლური სახელწოდებით A Way of Life. ანალოგიურად იქცევა 1992 წელსაც. Why Be Blue – ასე ჰქვია მომდევნო სტუდიურ ნამუშევარს, რომელიც წინამორბედების მსგავსად ფართო პუბლიკისთვის შეუმჩნეველი რჩება.

მაგრამ უეცრად 90-იანების ბოლოს Suicide-ის მუსიკის მიმართ ინტერესი იღვიძებს. ხმის ჩამწერი სტუდიები ერთიმეორის მიყოლებით იწყებენ პირველი ორი, კლასიკად ქცეული ალბომის გამოშვებას, ბონუსების სახით ჯგუფის რეპეტიციებსა და კონცერტებზე გაკეთებული ჩანაწერების დამატებით. ეს უკვე ნამდვილი აღიარებაა, Suicide ლეგენდის სტატუსს იძენს. რაღა თქმა უნდა, დუეტი ისევ იკრიბება და საკონცერტო მოღვაწეობას ანახლებს. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი სიახლეებია – ვეგას სცენაზე გასვლა ველოსიპედის ჯაჭვით აღარ უხდება, რევი კი გატეხილ სინთეზატორთან აღარ დგას. მსმენელებიც, ძირითადად ახალგაზრდები, ბოთლების სროლის ნაცვლად, მონუსხულები უსმენენ 70-იანებში დაწერილ სიმღერებს, რომლებიც ასე თანამედროვედ ჟღერს ახალ საუკუნეში.

2002 წელს ჯგუფის მეხუთე და ამ დროისთვის უკანასკნელი ალბომიც გამოდის, სახელწოდებით American Supreme.

როგორც მარტინ რევი ამბობს: „შენ არ შეგიძლია დარწმუნებით თქვა, რაში მდგომარეობდა შენი გავლენა, სანამ დიდი დრო არ გავა. ჩვენი პირველი ალბომის გამოსვლიდან უკვე 25 წელი გავიდა – და ეს კარგი ნიშანია. მაგრამ ვინ იცის, იქნებ ის ადამიანები, რომლებზეც ჩვენ გავლენა მოვახდინეთ, 50 წლის შემდეგ ჩალის ფასი აღარ ღირდნენ? რაღა მნიშვნელობა ექნება ვინ იქონია მათზე გავლენა? დღეს ახალგაზრდა მუსიკოსები ხედავენ, რომ ის, რაც არის მათ უკან, გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რაც წინაა. ამიტომაც იღებენ რაღაცებს წარსულიდან და ახდენენ მათ იმიტაციას. ბევრი წლის წინ კი Suicide-ის მსგავსი ჯგუფები იქმნებოდა იმისთვის, რომ საკუთარი თავი ყოფილიყვნენ“.

კომენტარები