სიძულვილის ენა

GDI: საჯარო მოხელეთა მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ტენდენციად იქცა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) ანგარიშის თანახმად, 2014-2016 წლებში საქართველოში პოლიტიკური თანამდებობის პირთა და საჯარო მოხელეების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. GDI-მ კვლევის „სიძულვილის ენის გამოყენება თანამდებობის პირების/საჯარო მოხელეების მიერ და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები“ პრეზენტაცია დღეს, 18 ივლისს გამართა. კვლევა მოიცავს საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში 2014-2016 წლებში სიძულვილის ენის გამოყენების პრაქტიკის მიმოხილვას. 

ანგარიშის მიხედვით, პოლიტიკოსების და საჯარო მოხელეების მიერ გამოყენებული სიძულვილის ენა უმეტესად ატარებდა ჰომოფობიურ, სიძულვილის წამქეზებელ და შეურაცხმყოფელ ხასიათს საზოგადოების კონკრეტული ჯგუფების მიმართ. GDI აღნიშნავს, რომ პოლიტიკური პარტიების, მათთან აფილირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, ასევე პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირების მხრიდან სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული გამოხატვების 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

კვლევის თანახმად, სიძულვილის ენის გამოყენებით განსაკუთრებით გამოირჩეოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე. ასევე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური და პარლამენტის უმრავლესობის წევრი გოგი თოფაძე. ანგარიშში სიძულვილის ენის გამოყენების კუთხით მოხვდნენ ქართული ოცნების დეპუტატები დავით ლორთქიფანიძე და სოსო ჯაჭვლიანი. ასევე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმა ჯაიანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, რომელმაც გადაცემა 20/30-ში საუბრისას დისკრიმინაციული შინაარსის ტერმინი „მამათმავლები“ გამოიყენა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 2015 წლის 18 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ საუბრისას, ქსენოფობიური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოხატა კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისადმი. გარდა ამისა, GDI-ის კვლევაში წერია, რომ ხულოს საკრებულოს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციის თავმჯდომარის 2015 წლის ანგარიში სიძულვილის ენას და არმენოფობიული ხასიათის გამონათქვამებს შეიცავდა. 

"აშკარაა, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში დამკვიდრებული არატოლერანტული დამოკიდებულების ფონზე, სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან მსგავსი განწყობების გამოვლენა განსაკუთრებით საგანგაშოა და შეუწყნარებლობის კიდევ უფრო მეტად გაღვივების საშიშროებას ქმნის, ეს კი საბოლოოდ ძირს უთხრის დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც, საჯარო მოხელეებს, განსაკუთრებით საჯარო გამოსვლებისას, ეკისრებათ ჩვეულებრივ მოქალაქეებზე გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა და თავშეკავების ვალდებულება. ასევე მნიშვნელოვანია, მაღალი თანამდებობის პირებმა ნათლად გაიაზრონ თავიანთი მოვალეობა – იყვნენ სამაგალითონი შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ხოლო თუ მათთვის მსგავსი გამოხატვა უფრო ძვირფასია, დატოვონ დაკავებული თანამდებობები და უბრალო მოქალაქის რანგში სრულად ისარგებლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებით, რომელიც საქართველოში დამკვიდრებული მაღალი სტანდარტით სიძულვილის ენასაც იცავს", - ნათქვამია ანგარიშში და აღნიშნულია, რომ უკანასკნელ პერიოდში საჯარო მოხელეთა მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენება ერთგვარ ტენდენციად იქცა.

"უმეტეს შემთხვევაში ამ ფაქტებს არც სათანადო რეაქცია მოჰყოლია. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი უწყებებისა და საჯარო მოხელეებისთვის მოქმედებს სხვადასხვა ეთიკის კოდექსები და სახელმძღვანელოები, პრობლემა ისევ გადაუჭრელი რჩება, რაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ უნდობლობის გრძნობას უჩენს, ეს კი დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის ცალსახად ძირგამომთხრელია", - წერია კვლევაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა მიიჩნევს, რომ უმჯობესია, მოხდეს სიძულვილის ენის და დისკრიმინაციის საჯარო გამოხატვის ლიმიტირება შემდეგი ფორმებით:

  • საჯარო სამსახურის ეთიკის კოდექსში გათვალისწინებული იქნეს სიძულვილის ენის გამოყენების აკრძალვა და ამგვარად, საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლად იქცეს.
  • საქართველოს პარლამენტის ეთიკის კოდექსში გათვალისწინებული იქნეს სიძულვილის ენის აკრძალვა. საპარლამენტო ფრაქციების წესდებებს დაემატოს შემდეგი წინადადება: „საჯარო სივრცეში არ გამოიყენოს დისკრიმინაციული რიტორიკა და სიძულვილის ენა“.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ წესდებებში გაითვალისწინონ შიდა პასუხისმგებლობა მათი წარმომადგენლის მიერ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებაზე.
  • პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომლითაც აიღებენ ვალდებულებას, საჯარო სივრცეში არ გამოიყენონ სიძულვილის ენა.

კომენტარები