რუსთავის აზოტი

EBRD-ის $155-მილიონიანი დაფინანსებით ქართული აზოტის წარმოება გაორმაგდება

hanyazilim.com

EBRD საქართველოს უმსხვილეს ქიმიურ საწარმო "რუსთავის აზოტს" $155 მილიონი დოლარით დააფინანსებს. პროექტის ფარგლებში "რუსთავის აზოტის" ქარხნის სრული მოდერნიზაცია და შავი ზღვის სანაპიროზე ამიაკის საექსპორტო გადატვირთვის ტერმინალის აშენება იგეგმება. პროექტის შედეგად საქართველოში აზოტოვანი სასუქების წარმოება გაორმაგდება და ის ერთი მილიონი ტონა გახდება. დღეს გაფორმებული შეთანხმება EBRD-ის მიერ საქართველოში დაფინანსებული ყველაზე მასშტაბური კერძო საინვესტიციო პროექტია. დაფინანსება EBRD-ის $125-მილიონიანი და საქართველოს ბანკის $30-მილიონიანი სესხებისგან შედგება. 

"რუსთავის აზოტის" მფლობელი რომან ფიფია EBRD-თან შეთანხმების გაფორმებით კმაყოფილია. ფიფია ამბობს, რომ პროექტის შედეგად კომპანიის შემოსავლები და მასთან ერთად საქართველოს ექსპორტიც გაიზრდება.

"ჩვენ გავაორმაგებთ ქარხნის წარმადობას, დღეს ჩვენ ვაწარმოებთ 0.5 მილიონ ტონა გვარჯილას, აქედან 450 ათასი ტონა გადის ექსპორტზე, 50 ათასი ტონა კი საქართველოში მოიხმარება. პროექტის შედეგად ჩვენი წარმადობა 1 მილიონი ტონა გახდება, ეს კი ავტომატურად ექსპორტს გაზრდის. ჩვენი ექსპორტი ხორციელდება მთელ ერვოპაში, ლათინურ და ჩრდილოეთ ამერიკაში. შავი ზღვის ტერმინალსაც ვაშენებთ, რომელზეც $40 მილიონს დავხარჯავთ და ის ექსპორტს გაგვიმარტივებს", - ამბობს რომან ფიფია.

კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში EBRD-ის დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-მა, ხელშეკრულების ხელმოწერით, წელს რეკორდი მოხსნა, რადგან ივლისის მდგომარეობით, საქართველოში განახორციელა 325 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რაც 2015 წელს განხორციელებული ინვესტიციების მოცულობას სამჯერ აღემატება.

დაფინანსება გამოყენებულ იქნება: ამიაკის წარმოების ხაზის რეაბილიტაცია/ მოდერნიზაციისთვის, არსებული ფინანსური ვალის რესტრუქტურიზაციისა და რეფინანსირებისთვის. ამიაკის ახალი, ენერგოეფექტური ხაზი იქნება უმაღლესი გარემოსდაცვითი სტანდარტების შესაბამისი, რაც გააუმჯობესებს წარმოების კონკურენტუნარიანობას.

"რუსთავის აზოტი" საქართველოს უმსხვილესი კერძო დამსაქმებლების ათეულში შედის, კომპანიაში 2 ათასი ადამიანი მუშაობს.

კომენტარები