საკონსტიტუციო სასამართლო

მაჟორიტარული ოლქების საზღვრებზე სარჩელი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლო
რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტის 42 დეპუტატის სარჩელი არ დააკმაყოფილა. გიორგი პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური სარჩელის ერთ ნაწილთან მიმართებით, მოსამართლეების ხმები გაიყო, თუმცა, საბოლოოდ, სარჩელი ამ ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა. პლენუმის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

პარლამენტის 42 დეპუტატი სადავოდ ხდიდა მაჟორიტარული ოლქების ახალ საზღვრებს. მათი აზრით, საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა თანაბრად არ არის გადანაწილებული, საზღვრები კი ისეა განსაზღვრული, რომ ოპოზიციურ პარტიებს გამარჯვების შესაძლებლობას უზღუდავს.

მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული საარჩევნო ოლქების საზღვრები წარმოადგენს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების შემთხვევას. მათი აზრით, საზღვრები დადგენილია ისე და იმ მიზნით, რომ ხელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენოს მმართველი პოლიტიკური ძალა. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ წინა არჩევნების შემდგომ პერიოდში სარჩევნო ოლქები გაერთიანდა და მათი საზღვრები შეიცვალა პოლიტიკური პარტიების მიერ წინა არჩევნებზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, რაც ამცირებს მოსარჩელე მხარის არჩევნებში წარმატების შანსებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ კი მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაციის, საარჩევნო ოლქების საზღვრების ანალიზის საფუძველზე არ იკვეთება საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების ფაქტი. შესაბამისად, მოთხოვნის ამ ნაწილში კონსტიტუციური სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელე მხარე ასევე მიუთითებდა, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში საარჩევნო ოლქის საზღვრების დადგენის უფლებამოსილების ცესკოსათვის მინიჭება შეიცავს საარჩევნო გეოგრაფიის ბოროტად გამოყენების საფრთხეს, ვინაიდან კანონი არ განსაზღვრავს ცესკოსათვის საკმარის სახელმძღვანელო კრიტერიუმებს ამ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით.

სასამართლომ კი მიიჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ  ცალკეული მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება, თავისთავად, არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. 

საჩივრდებოდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის, 110-ე მუხლის მეხუთე პუნქტისა და 110-ე პრიმა მუხლის მესამედან ორმოცდამეორე პუნქტების კონსტიტუციურობა. სწორედ ეს ნორმები ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შესაქმნელი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრებს. ამასთანავე განსაზღვრავენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების რაოდენობას თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში. ხსენებულ მუნიციპალიტეტებში საარჩევნო ოლქების საზღვრების დადგენის უფლებამოსილება გადაცემულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის.

დეპუტატებმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 1 ივნისს მიმართეს.

კომენტარები